ახალი ამბები

საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტის სრულად მოგვარება მოჰყვება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. უწყება, განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს შეუწყობს ხელს. სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის და გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. „დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს, კი ქალაქ შუშაზე. 9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებს და 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას გააგზავნის. ოპოზიცია ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.

გადათვლის პროცესი ჯამში 24 500-მდე ამომრჩევლის ხმას შეეხო

"კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა - 564", - ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სანტურიანმა განმარტა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. „აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან - 126. აღასანიშნავია, რომ საჩივრების წარდგენის პროცედურები 2020 წლის არჩევნებისთვის არ შეცვლილა და ანალოგიური იყო ბოლო წლების საჩივრების წარდგენის პროცედურისა. მაგალითად, ხშირად იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა პარტიის მიერ წარდგენილი არაუფლებამოსილი პირი და ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი. იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, მაშინ როდესც მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილება“, - განაცხადა სანტურიანმა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებს, როგორც სანტურიანმა განმარტა, ყველა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი მხოლოდ ოთხ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი, ხოლო მცირე გამონაკლისის გარდა შემაჯამებელ ოქმებზე ფიქსირდება კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჩივრების წარდგენის პროცედურისა და დარღვევის გამო განუხილველად დატოვების შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ დასაბუთებაში უთითებდნენ ოქმებისა და მონაცემების სისწორეზე, რათა მონაცემების სისწორე არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა სანტურიანმა. ამასთან, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მოცემული მდგომარეობით გადაითვალეს 39 უბნის შედეგი, აქედან 6 შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით, 14 შემთხვევაში განცხადება საჩივრის საფუძველზე, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. „ჯამში გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს. აღსანიშნავია, რომ უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი. ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს სქმეების განხილვადა მოგვიანებით წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სანტურიანმა.

კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება - სალომე ზურაბიშვილი

კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. „კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს,“- წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ასევე იხილეთ: ომი დასრულდა - რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგების პროცესი დაიწყო

გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციისადმი მის მოწოდებას განმარტავს

"ენმ - ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განმარტავს განცხადებას, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდებს. "დამატებით განვმარტავ: 1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; 2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; 3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; 4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ფეისბუქში" პოლიტიკოსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მის ამ განცხადებას, ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა: „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განცხადებას დამაბნეველი უწოდა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია. „რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის გაუგებარი და დამაბნეველი განცხადება. ველოდებით თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილებაა მათ პოზიციაში, თუ არა. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება. ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ქვეყნისთვის ბევრად მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში, ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ არჩევნებში მოგებული წაგებულად გამოაცხადოს, ამ მანიპულაციების, დაშინების, ზეწოლისა და მანიპულაციების შედეგად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, სამწუხაროა, როცა პარტიის თამჯდომარე, შეუთანხმებლად, ასეთ განცხადებას აკეთებს. “სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე“, - წერს ხატია დეკანოიძე “ფეისბუქის“ გვერდზე. მკაცრი აღმოჩნა, პარტიის ახალი სახის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებაც და ის ამბობს, რომ თუ განცხადება მართალი აღმოჩნდება და გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიუფურთხებია პარტიისთვის. “რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის“ გვერდზე. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ პრესიდან შევიტყვე - სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო. „პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. ასევე პრესიდან გავიგე შეთანხმების პირობებიც. სამწუხაროდ, ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ამ დოკუმენტის თაობაზე კონსულტაციები არ გამართულა, არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა. მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული. „ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებისმიერი ნაბიჯი, მოქმედება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სომხეთს, არცახს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინტერესებსა და მთელი სომეხი ხალხის უფლებებს, განსაკუთრებით დოკუმენტის ხელმოწერა, ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული. მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახის და, შესაბამისად, სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,“- აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი. არმენ სარქისიანის მტკიცებით, არსებულ სიტუაციაში მისი, როგორც სომხეთის პრეზიდენტის უმნიშვნელოვანესი მისია ეროვნული ერთობის ჩამოყალიბებაა. შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერევანში მისი განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

სომხეთის პატრიარქი ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, მოსახლეობას კი სიმშვიდისკენ მოუწოდებს

სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. „სომხეთისა და არცახის ხელმძღვანელობებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ჩვენს ხალხს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებული და სათანადო ახსნა-განმარტება. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მათ მივმართო: ეროვნული ერთიანობის დასაცავად შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ემოციების გადაჭარბებული გამოხატვისგან. ძალადობა და არეულობა თავიდან უნდა ავიცილოთ", - აცხადებს სომხეთის პატრიარქი. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ერევანში მისი განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ.

ომი დასრულდა - რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგების პროცესი დაიწყო

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება. "აზერბაიჯანული და სომხური ძალები ყარაბაღში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე შეჩერდებიან. ბაქომ და ერევანმა ასევე ტყვეები უნდა გაცვალონ, ყარაბაღში კი ყველა სატრანსპორტო კვანძი უნდა განიბლოკოს. ვიმედოვნებ, შეთანხმება შექმნის პირობებს კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ნათქვამია, რომ მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან, სომხეთის მიერ მთიან ყარაბაღში დაგავებული ტერიტორიები კი, ეტაპობრივად დაუბრუნდება აზერბაიჯანს. 1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან. 2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე. 3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება. 4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა 5 წლით განისაზღვრება, შემდეგი 5 წლის პერიოდით ავტომატურად განახლების პირობით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე. 5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს. 6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს გადასცემს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს. 7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით. 8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება. 9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან მოსახლეობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მიმართვით აცნობა. "ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო! ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის. 01.00 საათიდან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოვაწერე ხელი რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. უკვე გამოქვეყნებული ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება მივიღე სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზის შედეგად და იმ ადამიანების რჩევით, რომლებსაც აქვთ სიტუაციის საუკეთესო ხედვა. ის ასევე ეფუძნება რწმენას, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. დიახ, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც მარცხია, სანამ თავს დამარცხებულად არ ჩავთვლით. ჩვენ კი ამას არასოდეს გავაკეთებთ და ეს უნდა იყოს ეროვნული ერთიანობის, ხელახლა დაბადების ეპოქის დასაწყისი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ მომავალი და აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. მუხლს ვიდრეკ თითოეული ჩვენი მოწამის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა ჩვენი ჯარისკაცის, ოფიცრის, გენერლის, მოხალისეს წინაშე, რომლებიც იცავდნენ და იცავენ სამშობლოს! მათ არცახის [თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის - რედ.] სომხები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ! და ჩვენ გავიმარჯვებთ! არცახი დგას! გაუმარჯოს სომხეთს! მრავალჟამიერ არცახს" - წერს ნიკოლ ფაშინიანი და დასძენს, რომ შესაბამისი პირობები უახლოეს დღეებში განსაჯაროვდება. ერევანში ფაშინიანის განცხადებიდან მალევე არეულობა დაიწყო. აღშფოთებული მოქალაქეები მთავრობის კანცელარიაში შეიჭრნენ. ვითარება დაძაბულია. დემონსტრანტები სკანდირებენ „ჩვენს მიწას არ ვთმობთ!“ და თანამემამულეებს "კაპიტულაციის გაპროტესტებისკენ" მუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, როცა დადასტურდა აზერბაიჯანული მხარის ინფორმაცია სტრატეგიულ ქალაქ შუშის აღების თაობაზე, სომხურმა ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ომში მარცხის გამო ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა, სომხეთი და აზერბაიჯანი ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ორივე მხარეს არის დიდი მსხვერპლი. გუშინ ცნობილი გახდა აზერბაიჯანული ჯარის მიერ შუშის აღების შესახებ, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ძალები უკვე დედაქალაქ სტეპანაკერტს მიუახლოვდნენ.

საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 22 პირი

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა ბოლო 24 საათში ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. “დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47 390-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 , აჭარაში - 4, იმერეთში - 6, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში - 653, იმერეთში - 463, ქვემო ქართლში - 90, შიდა ქართლში - 105, გურიაში - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 93, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 713. 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 361, აჭარაში - 732. მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი - მათ შორის, თბილისში - 153, აჭარაში - 60. 3 066 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 - აჭარაში, ხოლო 1 053 - თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 765 პირი, მათ შორის, თბილისში - 557, აჭარაში-1 290. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 797 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 325 ადამიანი, აჭარაში - 15 021, იმერეთში - 4 246”, - განაცხად ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

შეთანხმება არაფერს ამბობს ყარაბაღის სტატუსის შესახებ - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დადებული ომის შეწყვეტის შეთანხმება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს. “განცხადება არაფერს ამბობს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ, მაგრამ სად არის სომხური მხარის მოთხოვნები, რომ ყარაბაღი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო? როცა მე მათ ავტონომია შევთავაზე, მათ უარი განაცხადეს. <ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა>, მითხრეს სომხებმა. შეთანხმებაში არცერთი სიტყვა არაა სტატუსის შესახებ. რა მოხდა? არცერთი სიტყვა არ არის ამის შესახებ და არც იქნება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ.”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. მანამდე, ბრიტანული BBC-ის ეთერში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურ მოსახლეობას შეეძლო ესარგებლა თვითმმართველობის უფლებით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი სრულად აღადგენდა კონტროლს მთიან ყარაბაღზე. ალიევის თქმით შესაძლებელი იყო მუნიციპალური მმართველობა და/ან კულტურული ავტონომია. სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი დღეს ღამით მოეწერა, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც პრემიერ მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა. შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. "1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში – მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან. 2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე. 3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება. 4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა 5 წლით განისაზღვრება, შემდეგი 5 წლის პერიოდით ავტომატურად განახლების პირობით, იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ დებულების გამოყენების შეწყვეტის შესახებ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე. 5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს. 6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქალბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს გადასცემს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს. 7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის კონტროლით. 8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება. 9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ. მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები.

საქართველოს დიდ ქალაქებში გადაადგილების შესახებ შეზღუდვა ძალაშია

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. შეზღუდვა გავრცელდება ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ავტოტრანსპორტზე. ეს ზომა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულებისა და მიტანის სერვისის პერსონალზე.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან რუსული სამხედრო ვერტმფრენი შეცდომით ჩამოაგდო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. ეკიპაჟის ორი წევრი გარდაიცვალა, ხოლო მესამეს მრავლობითი ტრავმა აქვს. მომხდარის გამო აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენი შეცდომით ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განმარტებით, რუსული ვერტმფრენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ დაფრინავდა. ეს ფაქტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს.

პოლ გობლი: სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობის შეტანა სურთ

ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი იმედოვნებს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო არ გამწვავდება. ანალიტიკოსი ამ საკითხზე „ევროპათაიმს“ ესაუბრა. „დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდება. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც სურთ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა შეიტანონ და ზოგი სხვა ქვეყნებშიც წაახალისონ იგივეს გასაკეთებლად. ამ ყველაფერში პუტინის როლი დემოკრატიის განადგურებაა“, - განაცხადა პოლ გობლმა. მანამდე, „ევროპათაიმმა“ შეფასებები სხვა ექსპერტებსაც სთხოვა. ლუის ნავაროს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა. ლინკოლნ მიტჩელი კი მიიჩნევს, რომ შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება კი ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. არსებული ინფორმაციით დაკავებულია ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი პოლიციის შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა გახდა. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 22:00სთ-დან დაუმორჩილებლობას აცხადებს და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, პარლამენტთან რჩება.

გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. “შეუძლებელია, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვერავინ უკან ვერ დაახევიანებს. რეჟიმი ყველა ზღვარს გადავიდა - რა ბერკეტებს არ იყენებენ. გული მოგიკვდებოდა "რობოკოპებს" რომ ვუყურებდი, რომელთა დიდ ნაწილს იქ დგომა არ უნდოდა. თუ ვინმე გასათავისუფლებელია ის ხალხია, ვინც ძალოვანებში იმყოფებიან. ისინი ტყვეობაში არიან. სამართალდამცავები პირად დაცვად, სამართალდამრღვევებად გადააქცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, პირადად მისთვის პატივია, რომ ივანიშვილი საკუთარ მოწინააღმდეგედ თვლის, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას. “თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“, - მიმართა მომიტინგეებს ნიკა მელიამ. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური გამოსვლები სრულდება, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი არ აპირებს 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაემორჩილოს.

გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს ბიბლიოთეკის შენობას სთავაზობს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების მისამართით წერს, რომ მათთვის ბიბლიოთეკის კარი დღეს ღამით ღია იქნება. კეკელიძე აქციის მონაწილეებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. "დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე - აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და განწყობას ჩემი ფიქრი ხანდახან, მაგრამ ისინი, ეს ვიღაცისთვის ახირებული ხალხი მე ძალიან მიყვარს. და მიყვარს არამხოლოდ სუბიექტურად - ხვალინდელი საქართველო მათ უნდა ააშენონ. ეს გარდაუვალი ამბავია. შესაბამისად - სულ მათ მხარეს ვარ და ამიტომაც, გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს - ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის - თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ. და კიდევ, ერთი პროზაული და მობეზრებული, მაგრამ აუცილებელი რამ უნდა გითხრათ - აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონა-ვირუსი ვერ არის სახუმარო საქმე - ამ დღეებში მისი სივერაგე არაერთმა ჩემმა ახლობელმა გამოსცადა. არც ყველაზე მამაცი კაცი მგონია თქვენს შორის თავი და მით უმეტეს - არც გმირობაა ჩემი ოცნება. ერთი უბრალო თქვენგანი ვარ, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრში გუშინაც იდგა, დღესაც დგას და ხვალაც იდგება ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. იმ წიგნებში, ეს ბიბლიოთეკა რომ ინახავს, უფრო სწორედ, იმ წიგნთაგან საუკეთესო წიგნებში, სწორედ ეს წერია", - წერს კეკელიძე. ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი სირცხვილიას დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება. სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით

პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია, ხშირად სწორედ ეროვნული იდენტობის, ფასეულობების, ,,ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების სახელით“ წარმოებს. ეს ყველაფერი სამიზნე ჯგუფებად ქცეულ გულუბრყვილო მოქალაქეების ემოციებსა და პატრიოტულ მოტივებზეა გათვლილი. ასეთი ფსევდო მედიების და დაჯგუფებების ლუსტრაციისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ეს ძალები ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტები არიან და რუსეთი სწორედ ამ საინფორმაციო ომს იყენებს და ამით ებრძვის ინვესტიციებს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, პროგრესს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ, Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამოცემა Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წაიშალა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში. Alt-info კი ამ ეტაზე დაბლოკილია ფეისბუქზე. Facebook-ის განცხადებით, ქსელის ნაწილის იდენტიფიცირება ISFED-ის საჯარო ანგარიშების საფუძველზე მოხდა. „ევროპათაიმმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასება რამდენიმე ექსპერტს და მკვლევარს ჰკითხა. ამერიკის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, გივი გიგიტაშვილი: „ფეისბუქმა“ წაშალა გვერდები, მომხმარებლები და ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობდნენ იმისთვის, რომ შეცდომაში შეეყვანათ მომხმარებელი. მაგალითად, იყო გვერდები, რომლებსაც თავის დროზე ჰქონდათ გასართობი სახის სათაურები, რომლის მომხმარებელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი აპოლიტიკური ადამიანი. ეს გვერდები შექმნილია წლების წინ (2013-1015წწ.), მოგვიანებით კი, ისინი სამართავად გადაიბარა ალტ-ინფომ და დაიწყო საკუთარი კონტენტის გავრცელება, რაც თავისთავად არის „ფეისბუქის“ წესების დარღვევა. ამ გვერდების სამართვად გამოყენებული იყო ყალბი ანგარიშები, რაც ასევე „ფეისბუქის“ წესების დარღვევაა და მესამე, გაუქმდა ჯგუფები, სადაც ამ ყალბი ანგარიშების მეშვეობით, ეს გვერდები ვრცელდება. ალტ ინფო აცხადებს, რომ ფეისბუქმა წაშალა ისინი, რადგან ისინი ავრცელებდნენ ანტილიბერალურ კონტენტს, თუმცა, „ფეისბუქი“ არ არის ცენზორი და ისინი წაიშალა „ფეისბუქის“ წესების დარღვევსთვის. რაც შეეხება თავად ალტ-ინფოს, ისინი აცხადებენ, რომ კონსერვატიულ-მემარჯვენე იდეოლოგიის გამტარებლები არიან და მანიპულირებენ ისეთი ინფორმაციებით, რომელიც სრულად სიმართლე არ არის, თუმცა მასში არის რაღაც სიმართლის მარცვალი. ავრცელებენ დეზინფორმაციას, პრორუსულ ნარატივებს შენიღბული ფორმით, რადგან ღიად ამის დაფიქსირება, წამგებიანი პოზიციაა. ყოველივე ეს პირდაპირ ემსახურება კრემლის ინტერესებს. რას ავრცელებდნენ კონკრეტული გვერდები: 1. ეს იყო ანტისაემიგრაციო პოლიტიკა, თუ როგორ იწვევს ევროპა ადამიანების გადაგვარებას. 2. ანტინატოს პოლიტიკის გაღვივება საზოგადოებაში, თუ როგორი უიმედოა ნატოსკენ სწრაფვა. 3. სიძლვილის ენა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების წინააღმდეგ. თუ როგორ პატივს არ სცემენ ამ კატეგორიის ადამიანებს და როგორი მეორეხარისხოვნები არიან ისინი საზოგადოებისთვის. საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ზვიად აძინბაია: „ალტ-ინფოს“ შემთხვევაში, ძალიან გავრცელებული მეთოდებია გამოყენებული. უმცირესობების თემა, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების თემების აქტუალიზაცია, რაც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გავრცელებული მეთოდია. ამდენად რამე უნიკალურ გზებს ისინი არ იყენებენ. რაც შეეხება იმას, რამდენად საფრთხის შემცველია, რა თქმა უნდა, საფრთხილოა. ცივილიზებული სახელმწიფოს პირობებში, ეს ხალხი განსაკუთრებული და გაზრდილი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს აყვანილი უსაფრთხოების სამსახურების მიერ. უნდა გაცხადდეს მათი დაფინანსების წყაროები და მათი რეალური მოტივები, მართლა გულრწფელად აკეთებენ თუ არა მსგავს რამეს, რადგან როგორც წესი, ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება, ან თუნდაც მესიჯინგი და გარკვეული აქტიურობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. რამდენად დებს შედეგს პროპაგანდა, ძალიან ძნელი გასაზომია ხოლმე. თუმცა პროპაგანდის შედეგი აისახება ქცევის ან დამოკიდებულების ცვლილებაში. ჯერჯერობით არ ვიცით, რას გამოიწვევს, მაგრამ გამეორების შემთხვევაში, პროპაგანდას სჩვევია ნეგატიური შედეგი. აჭარაში თუ სხვა ნებისმიერ რეგლიგიურ უმცირესობებში, რელიგიური ან ეთნიკური შუღლის გაღვივება ან მცდელობა, თავისთავად საფრთხის შემცველია. სახელმწიფომ მყისიერად უნდა იმოქმედოს და ხელი შეუშალოს მომავალში მსგავსი წარმონაქმნების საქმიანობას, როგორიც „ალტ-ინფოა“. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, გვანცა აბდალაძე: პრორუსული ჯგუფები და მედია, (როგორიც იყო Facebook-ის მიერ წაშლილი „ალტ-ინფო“ და მასთან დაკავშირებული ე.წ სააგენტოები) აქტიურია მთელ საქართველოში, თუმცა მათი ძალისხმევა განსაკუთრებით აქტიურია თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი), რაც კიდევ დამატებით პრობლემებს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ, რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ნებით თუ უნებლიეთ საბჭოთა თაობა და ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა უფრო ხშირად ემსახურებოდა. ბოლო წლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პრორუსული იდეოლოგიის გამავრცელებელ ჯგუფებში ახალგაზრდობის მოზიდვისთვის, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ ამ საფრთხეებისგან თავის დასაცავად? - სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება აქვს, საგარეო საფრთხეების შემცველი საქმიანობა აღკვეთოს ან შეზღუდოს კანონიერი მეთოდებით; სამოქალაქო სექტორმა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს რუსეთის ბასრი ძალის გამოაშკარავება; რიგითმა მოქალაქემ კი საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: რა არის პატრიოტიზმი? რუსეთის სახელმწიფო ინტერესის მსახურება თუ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის? ვისი პატრიოტობა გვაქვს გადაწყვეტილი? „ურწმუნო თომას“ სინდრომით შეპყრობილმა ჯგუფებმა კი უნდა დასვან კიდევ უფრო მარტივი შეკითხვა: მძლავრი მედია კამპანიების წარმოება დიდ ძალისხმევასთან და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინ იხდის ამდენ ფულს მათ იდეოლოგიურ გაბრუებაში და რატომ? ჩვენ ვცხოვრობთ პარადოქსულ საუკუნეში, სადაც ხშირად Facebook-ი უფრო ეფექტურად ახერხებს, დაეხმაროს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, განათლების სიტემა და სამოქალაქო საზოგადოება.

ესტონეთის შს მინისტრმა, ჯო ბაიდენის კრიტიკის შემდეგ, თანამდებობა დატოვა

ესტონეთის შს მინისტრმა და კონსერვატიული სახალხო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მარტ ჰელმემ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, თანამდებობა დატოვა. 8 ნოემბერს რადიოსადგურ TRE-ს ეთერში საუბრისას ჰელმემ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ვაჟ ჰანტერს “კორუმპირებული პერსონაჟები” უწოდა. ამასთან, შს მინისტრის შვილმა, ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმემ განაცხადა, რომ “არჩევნების შედეგები ფალსიფიცირებულია”, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ამ გამონათქვამებს აბსურდული უწოდა და ყველა გააფრთხილა, ესტონეთ-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებისგან თავი შეიკავონ. თავის მხრივ, პრეზიდეტმა კერსტი კალიულანდმა განაცხადა, რომ გეგმავს, მინისტრების გამონათქვამები საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან განიხილოს. საპასუხოდ მარტ ჰელმემ აღნიშნა, რომ არაფერი გაუკეთებია ესტონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად. "არაფერი მითქვამს ისეთი, რასაც ნებისმიერი თავისუფალი ამერიკული მედიასაშუალება არ იტყოდა", - დასძინა მან. არჩევნების ძირითადი დღე აშშ-ში 3 ნოემბერი იყო. წამყვანმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ჯო ბაიდენის გამარკვების შესახებ 7 ნოემბერს – ხმების რამდენიმედღიანი დათვლის შემდეგ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შტატებში არჩევნების შედეგები ამ დრომდე არაა შეჯამებული, მედია თვლის, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს – დონალდ ტრამპს აღარ აქვს შანსი, წარმომადგენელთა ხმებში ბაიდენს გადაუსწროს. თავად ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნების შედეებს სასამართლოში გააშაცივრებს.

გამოხატეთ პოზიცია აივნებიდან - საზოგადოების ნაწილი აქციას სახლიდან უერთდება

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს შინიდან დააფიქსირებს. აქტივობა სოციალურ ქსელში დაიგეგმა. “ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი – დავიცვათ საკუთარი ხმები. პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა თითოეული ჩვენგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, 22:00-ზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ეზოებიდან. მოიმარჯვეთ ხმაურა ნივთები (ქვაბები და ხის კოვზები, ჯამები, ქვაბის თავსახურები) და იხმაურეთ! გავაგონოთ, რამდენი ვართ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიაცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. ამ წუთებში, პარლამენტთან შესაბამისი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილი, აქციის გაგრძელებას, 22:00სთ-ის მერეც გეგმავს, მას შედეგ, რაც ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება.

ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა. „არ არსებობენ მსოფლიოში იღბლიანები, ვისთვისაც "კოვიდ-19" საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ყველა საკარანტინე ღონისძიებებისა, მეც მივიღე დადებითი შედეგი. ტემპერატურა 37.5 მაქვს, ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ ვიქნები იზოლირებული და განვაგრძობ მუშაობას. უმეტესობამ დაძლია "კოვიდ -19" და მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება“ , - წერს ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

BBC: წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს

წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველი ვაქცინა ადამიანებს 90%-ით იცავს. ამის შესახებ BBC წერს. ვაქცინა 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოსცადეს. საქმე ეხება გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. BioNTech-მა და ამერიკულმა Pfizer-მა განაცხადეს, რომ 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივი დამტკიცებისთვის.