ახალი ამბები
ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - ნათელაშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
"ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს", - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის ელჩის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც რიგი ოპოზიციონერი ლიდერები, ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან. „როგორც მოსალოდნელი იყო, სრულ პოლიტიკურ კრიზისის დარეგულირებაში, რაც მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგეად წარმოიქმნა, ჩვენი პარტნიორები – ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ–ის საელჩო ჩაერთო. შეხვედრას ესწრებიან იმ პარტიების ლიდერები, რომლებმაც ვითომ გადალახა ბარიერი, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ დაესწრონ ისინიც ვინც ვითომ ვერ გადალახა – დარწმუნებული ვარ, ბევრმა გადალახა. შეხვედრები გაგრძელდება, დეტალიზაციას შეთანხმებისდა მიხედვით, მედიასთან ვერ მოვახდენ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ოპოზიცია ასეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ მინახავს. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რომელზეც ვოყავით“, - განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, კომპრომისის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა კრიმინალის თანამონაწილეობის გზით. ის კრიმინალში თანამონაწილეობდ სწორედ 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ-ის მიერ წარმოდგენილი შედეგების აღიარებას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს.
აშშ–ის ელჩის სახლში ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებიან
საქართველოში აშშ-ის ელჩის საცხოვრებელ სახლში საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე ასევე მივიდნენ საქართველოში ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩები. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა განმარტეს, შეხვედრა ელჩის თხოვნით ჩაინიშნა და სასაუბრო თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და გამოსავლის გზები იქნება. შეხვედრაზე მივიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თურქეთის ინფორმაციით, ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იგეგმება
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფონზე ანკარა აზერბაიჯანის რეგიონ ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს. მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი დაგეგმვის და შესწავლის შედეგები მალე გახდება ცნობილი. მანამადე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის დერეფნის გაჩენით სარგებელს რეგიონის ქვეყნების გარდა, ჩინეთიც მიიღებს. ნახიჩევანი არის რეგიონი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, ნახიჩევანს 8კმ-იანი საზღვარი აქვს თურქეთთან. გარდა ამისა, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის მოქცეულია ის ტერიტორიებიც, რომელთაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომელთა ნაწილიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაწყებული ომის შემდეგ დაიკავა.
ოპოზიცია და "სირცხვილია" საქართველოსა და მაკედონიას შორის მატჩს ეროვნულ სტადიონთან უყურებენ
დღეს, 12 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება "სირცხვილია" საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირებას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონთან უყურებენ. მატჩი საღამოს 9 საათზე იწყება და შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშის დასასრულამდე დარჩებიან, კომენდანტის საათის დარღვევა მოუწევთ. ორგანიზატორები გირჩი, ლელო საქართველოსთვის, თავისუფალი დემოკრატები, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძე და სირცხვილია არიან. "ჩვენ შეგვიძლია დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! 12-ში, 20:45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან! გეცოდინებათ, რომ მთავრობამ 22:00-დან დილის 5:00-მდე კომენდანტის საათი გამოაცხადა. ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან. გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს. თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება", - წერენ ორგანიზატორები.
ოპოზიცია პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს
ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლისას მდუმარე აქციას გამართავს. როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და მთავარი მესიჯი იქნება, რომ არჩევნები გაყალბებულია. "ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17 ან 18 ნოემბერს, რომელიც იქნება ერთი მხრივ მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ და ამავე დროს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი. იქნება დაკრული სტიკერები, სოციალური დისტანცია აბსოლუტურად დაცული, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს", – თქვა გიგი უგულავამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ნოემბერს, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ვიზიტი ორდღიანია. შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.
სერგეი ლავროვი - ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება
თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ეს ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები შემოიფარგლება იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომლებიც განისაზღვრება რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის განსათავსებელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც არ არის ყარაბაღთან ახლოს და რაზეც შეთანხმება დამატებით მოხდება. ცნობისათვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანში განთავსდება. თურქული მედიის ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს შეუერთდება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებას რუსეთთან ერთად გააკონტროლებს“.
აფხაზეთმა მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს დერეფანი უნდა გაუხსნას - ახრა ავიძბა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ აფხაზეთმა მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს დერეფანი უნდა გაუხსნას. „რთულ სიტუაციაში ადამიანებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, როგორც ეს ჩვენ ისტორიაში არაერთხელ გაუკეთებიათ წინაპრებს“, - დაწერა ავიძბამ ფეისბუკის გვერდზე. ავიძბა მიიჩნევს, რომ თანამემამულეებმა, პოლიტიკურმა ძალებმა და აფხაზეთის სომხურმა დიასპორამ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას უნდა მიმართონ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილოს „დერეფანი არცახის რესპუბლიკიდან ლტოლვილებისთვის“. ახრა ავიძბა დონბასელი სეპარატისტების მხარდასაჭერად უკრაინაში იბრძოდა, რისთვისაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება მიანიჭეს. ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა. ახრა ავიძბამ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა". დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფხაზეთის "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას, დღეს რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.
ესპანეთში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევს
ესპანეთში იმ ქვეყნებიდან ჩასულ ყველა მგზავრს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლებიან, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტესტი ესპანეთში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს აღებული. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 23 ნოემბრიდან შევა. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 1 463 093 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 40 105 ადამიანი დაიღუპა.
სომხეთში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრი არცვიკ მინასიანი, პარტია „სამშობლოს“ წევრი, არსენ ბაბაიანი და პარტია „ეროვნული დღის წესრიგის“ წევრი, არა აკოფიანი. ერევანში გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის დროს 129 ადამიანი დააკავეს. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად 9 ნოემბერს მოაწერა ხელი. სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება.
სომხური მედიის ინფორმაციით, "ჯავახკის" ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს
სომხური მედიის თანახმად, მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი ერევანში 11 ნოემბერს, დღის 11:00 საათისთვის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე გაჩხრიკეს ჩახალიანის სახლი. ვაჰგან ჩახალიანი 10 ნოემბრის ღამეს სომხეთის პარლამენტში შეჭრილ დემონსტრანტებს შორის იყო. სომხეთის პარლამენტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შეთანხმება შედგა. მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ვაჰგან ჩახალიანი აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. გასულ თვეს აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ჩახალიანი მთიან ყარაბაღში მოკლეს. მაშინ სომხეთს ჩახალიანის გარდაცვალების ფაქტი არ დაუდასტურებია. ჩახალიანი საქართველოს მოქალაქეა. ის მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი იყო, 2009 წელს დააპატიმრეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.
უკრაინის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მკურნალობის კურსს კიევში მდებარე „კლინიკა ფეოფანიაში“ გადის. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კოვიდ-ინფიცირების 500 865 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 9 145 პაციენტი. ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს. ოქტომბერში უკრაინაში ჰოსპიტალიზებული კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ წინა თვლის მაჩვენებელს 80%-ით გადააჭარბა. ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებს გეგმიური ჰოსპიტალიზება შეწყვეტილი აქვთ და მხოლოდ იმ კოვიდ-ინფიცირებულებს ემსახურებიან, რომლებსაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა უვლინდებათ.
საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო
საფრანგეთმა კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 865 538 შემთხვევაა გამოვლენილი, რუსეთში კი – 1 858 568. მსოფლიოში ამ დროისთვის კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ–შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოტხეს – საფრანგეთი, მეხუთეს – რუსეთი. შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო 30 ოქტომბრიდან საფრანგეთი ხელმეორედ ჩაიკეტა. ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 52 484 945 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 290 563 ადამიანი იმსხვერპლა. 36 707 467 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 599 გარდაიცვალა.
2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მისივე განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში 30 ნოემბრამდე შევა. „2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში. ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, იმიტომ, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება და ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, ასევე იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის ხარჯებში რაც შეიძლება ბევრი შევა ვაქცინის ხარჯები და ეს ყველაზე ეფექტური ხარჯი იქნება, რაც მოკლე დროში გაგვიწევია. ჩვენ განახლებული და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.
ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელახლა, ხელით დაითვლიან
აშშ-ის ჯორჯიის შტატში ბიულეტენებს ხელით გადაითვლიან, - მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსფერგერმა განაცხადა. ხმების დათვლის პროცესი შტატის 159-ვე ოლქში დაიწყება და სავარაუდოდ, 20 ნოემბრისთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ჯორჯიაში ხმა დაახლოებით 5 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა და შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 000-ზე მეტი ხმით უსწებს. ცნობისაათვის, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიასა და უისკონსინში, ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს.
მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ოპერაციებში რუსული სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციებში „მი-8“ და „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს რუსეთმა მთიან ყარაბაღში 414 რუსი სამშვიდობო, რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანა, ტექნიკა და რვა სამხედრო ვერტმფრენი და დრონი გააგზავნა. მთიან ყარაბაღში რუსული კონტინგენტი, საერთო ჯამში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ერთეულით ავტომობილითა და სხვა ტექნიკით იქნება წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობებთან ერთად რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებასაც ითვალისწინებს.
შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გამოავლინა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. “შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტით ახდენდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. სამართალდამცველებმა, ა.ა.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან, სულ ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აგრეთვე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება
12 ნოემბერს, საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდებიან. დღევანდელი შეხვედრით გადაწყდება, მიიღებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას. მატჩი 21:00 საათზე, თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება. თამაში კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე ჩაივლის. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვების იმედი აქვთ. „დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები“, - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდგინდათ. შესაბამისად, ისინი თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა თამაშის გამართვის უფლება უეფას ახალ ტურნირზე ერთა თასზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.
3120 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - 12 ნოემბრის სტატისტიკა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 69 681-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 801, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 103, იმერეთში - 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში - 162, აჭარაში - 90, იმერეთში - 33. 3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 560 - აჭარაში, 1 207 - თბილისში, ხოლო იმერეთში -284. 8 658 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში-1 307, ხოლო იმერეთში - 39. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 354 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში - 16 997, იმერეთში - 4 328“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
რატომ მოიმატა კოვიდინფიცირების შემთხვევებმა და რა განსხვავებაა პირველსა და მეორე ტალღას შორის იტალიის მაგალითზე
ბოლო პერიოდში და მათ შორის იტალიაშიც მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა. სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, რატომ იყო გაცილებით დიდი განგაში ატეხილი გაზაფხულზე, მაშინ როდესაც კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევები ნაკლები იყო, ვიდრე ახლა, როდესაც დაინფიცირების შემთხვევები მთელ რიგ ქვეყნებში თითქმის გაათმაგებულია. შევხედოთ პრობლემას სხვა ჭრილში და განვიხილოთ გაზაფხულზე არსებული და ახლანდელი მდგომარეობა, ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყნის იტალიის და ყველაზე დაზარალებული რეგიონის, ლომბარდიის მაგალითზე; იტალია 6 ნოემბრიდან, ოთხ ზონად დაიყო: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი. ლომბარდია, პიემონტის, ვალე დაოსტას და კალაბრიასთან ერთად, ისევ წითელ ზონაში მოხვდა და იგივე შეზღუდვები ვრცელდება, რაც მარტში იტალიაში საყოველთაო კარანტინის დროს დაწესდა. ეს კი, იმას ნიშნავს - გარდა იმისა, რომ გაუქმებულია ყველანაირი აქტივობა, დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კვების ობიექტები, მოსახლეობას ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებაც ეზღუდება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. შეზღუდვები დღე-ღამის ყველა მონაკვეთზე ვრცელდება და ამ ეტაპზე 4 დეკემბრამდეა გათვლილი. როგორც რეგიონული გამოცემა „კურიერის“ სტატიაშია აღწერილი, დღესდღეობით, ლომბარდიაში, დღეში დაახლოებით 30 ათასი ტესტი ტარდება და დაინფიცირების საშუალოდ 7-8 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ხოლო 4 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს, მთლიანად რეგიონში სულ 4200 დაინფიცირებული აღირიცხა, რომელთაგან 2017 საავადმყოფოებში მკურნალობდა, ხოლო 400-მდე - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იმ დღეს გარდაცვალების 267 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს, იმპერიოდისთვის დამანგრეველი ტალღა იყო, რადგან ვირუსი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისე ვრცელდებოდა, რომ ამის შესახებ არავის ინფორმაცია არ ჰქონდა. სწორედ ამიტომაა საჭირო პირველ და მეორე ტალღის შედარება, რომ მეტნაკლებად გავაანალიზოთ რა შეიძლება მოხდეს “ხვალ“ და რაზე ღირს ყურადღებისგამახვილება.ამ ორ პერიოდში დაფიქსირებული დაინფიცირებულთა რაოდენობის პირდაპირ, მშრალად შედარება, აზრს არის მოკლებული, რადგან ეპიდემიის აფეთქებისას, ძალიან ცოტა ტესტი ტარდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ანალიზს მხოლოდ მას უღებდნენ, ვისაც მწვავედ გამოხატული სიმპტომები ჰქონდა. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ შედარებას, ვირუსის ორ ტალღას შორის... თებერვალ-მარტის პერიოდს თუ ავიღებთ და მიმდინარე პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გარდაცვალების შემთხვევები ექვსჯერ ნაკლებია, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა, განახევრებული. უფრო კონკრეტულად კი, ორიენტაციისათვის აღებულია 35-დღიანი პერიოდი, 24 თებერვლიდან, ანუ დღიდან როდესაც უკვე ვირუსის ფაქტი იტალიის ტერიტორიაზე ოფიციალურად დადასტურდა, 29 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდში ვირუსით ლომბარდიაში 6360 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ტალღის 35-დღიან პერიოდს, რომლის ათვლაც პირველი ოქტომბრიდან უნდა დავიწყოთ და ახალი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ანუ 5 ნოემბრამდე განვიხილოთ, ამ პერიოდში, აღნიშნულ რეგიონში, ვირუსით 893 პაციენტი დაიღუპა. ანუ პირველი ტალღის დროს გარდაცვლილთა რაოდენობის მეექვსედი. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მიზეზის გათალისწინებით ვირუსი მარტთან შედარებით, შესუსტებულია. ამ დასკვნის სისწორეს, კიდევ ერთი მაგალითი გვიჩვენებს. პირველი ტალღის 35 დღიანი მონაკვეთის პირველი დღიდან ბოლო დღემდე, საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობა 77-დან 11.613-მდე, ხოლო მეორე ტალღას თუ გავითვალისწინებთ, რიცხვი 333-დან 5018-მდე გაიზარდა, რაც პირველი ტალღის მონაცემების ნახევარზე ნაკლებია. იგივე შეიძლება ითქვას, ინტენსიური თერაპიის პაციენტებზე. თუ პირველი ტალღის ზემოთაღნიშნული პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1328 იყო, მეორე ტალღის ანალიზისას ეს რიცხვი 507-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მარტთანშედარებით, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობა სამმაგია, მათი მდგომარეობა გაცილებით მსუბუქია. ვიდრე ადგილები ამის საშუალებას იძლევა, მსუბუქი პაციენტებიც გადაჰყავთ საავადმყოფოებში. ამასთანავე, გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა, ამ ეტაპზე, 80 პროცენტს აჭარბებს, რაც მარტის მონაცემებით, 60 პროცენტი იყო. ვირუსი ამჟამად ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჩატარებული ტესტების დაახლოებით 20 პროცენტი დადებითია, რაც მოსახლეობის 5 პროცენტს უდრის, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაინფიცირებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა მსუბუქი, ან სრულიადუსიმპტომოა.პ.ს. თუმცა გასათვალისწინებელია ეპიდემიოლოგ ვეკიას მოსაზრებაც, რომ არსებობს კიდევ ერთი, არც თუ პოზიტიური ვარაუდი პირველი და მეორე ტალღების შედარებისას, ანუ ოქტომბერი პირველი ტალღის არა მარტის, არამედ თებერვლის თვედ უნდა განვიხილოთ, რომლის მონაცემებიც ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან მაშინ ვირუსი თავისუფლად ვრცელდებოდა. ეს თეორია, ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს. და მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ვირუსი დაინფიცირებულთა უმრავლესობას მსუბუქ ფორმებში, ან სრულიად უსიმპტომოდ გადააქვთ და გამოხატული სიმპტომების დროსაც, პაციენტთა მკურნალობა და მდგომარეობიდან გამოყვანა, შედარებით უფრო მარტივად დასწრაფად ხდება? პირველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა, ხოლო ჩვენ, იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ. რაც შეეხება მეორე შემთვევას - ექიმებმა სიმპტომების მართვა ისწავლეს. კონკრეტულად იტალიაში, თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას და მკურნალობის სპეციფიკურ მეთოდს იყენებენ, თანმდევი დაავადებებისა და რისკ-კატეგორიის ფაქტორის გათვალისწინებით. ასეთმა მიდგომამ, თუ ინტენსიური თერაპიის პაციენტთა და გარდაცვალების შემთხვევების ზემოთ მოყვანილ მონაცემებს გავითვალისწინებთ, აშკარა შედეგი მოიტანა. ასევე, მოსახლეობამ ისწავლა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება და დაცვა, რასაც ეპიდემიოლოგები ურჩევენ. მთავარი რეკომენდაცია და „წამალიც“ ამ ეტაპზე მაინც რჩება სოციალური დისტანცია, მასობრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და პირბადის ტარება. ნინა მამუკაძე სპეციალურად იტლიიდან „ევროპათაიმისთვის“
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოორნავირუსის 52 440 433 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 36 676 552 და დაიღუპა 1 289 730 ადამიანი. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 10.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.6 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.7 ინფიცირებულით. ამასთან, მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.