ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში დახმარებას განაგრძობს

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად განცხადებას ავრცელებს.უწყება აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მიმართ დაფიქსირებული მხარდაჭერის ერთგული რჩება. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამყარებაში დახმარებისადმი ერთგული რჩება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მაიკ პომპეოს ვიზიტი დღეს დაიწყო. ოფიციალურ შეხვედრებს კი ის ხვალ გამართავს.

აშშ-ის საელჩო მაიკ პომპეოს ვიზიტს განცხადებით ეხმაურება

ამერიკის საელჩო სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე. „სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებებისას დაზარალებული მოსახლეობის დასახმერებლად აშშ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

„შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ ახალ დახმარებას აცხადებს“, - სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას ამერიკის საელჩო მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს ავრცელებს. „შეერთებული შტატები მიესალმება საომარი მოქმედებების შეწყვეტას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეერთებული შტატები მოუწოდებდა ძალადობის დასრულებისკენ და გმობდა სამხედრო ესკალაციას, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზიარებთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ბოლოდროინდელი ბრძოლის დასასრული მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე გადაჭრისთვის. მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში. შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში. ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები $5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფს, რათა მხარი დავუჭიროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს. ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ზალკალიანი: ვიმედოვნებ, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს Twitter-ის გვერდზე ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს“, - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია.

ბაქრაძე ჰოჯესზე: საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება

საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ელოდებიან. კითხვაზე შეეხება თუ არა შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხს, რაზეც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა "ევროპათაიმთან" ისაუბრა, ბაქრაძე პასუხობს, რომ საქართველოს აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება. "ჩვენ აშშ-თან 2016 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მემორანდუმი გავაფორმეთ, 2017 წელს გაფორმდა საქართველოს თავდაცვითი გაძლიერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მუდმივად ვაახლებთ და რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება. საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება, საქართველოს თავსებადობა ალიანსთან მტკიცდება. ეს არის მიმართულებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. გენერალმა ჰოჯესმა, ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქარტველოში გაზრდიდა.

ზალკალიანი ჰოჯესზე: აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე განაცხადა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეეხება თუ არა შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხს, რაზეც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ევროპათაიმთან“ ისაუბრა. „ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. სხვაგვარად ჩვენ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, რაც გულისხმობს ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებას მუდმივად ვსაუბრობთ, დღესაც ვისაუბრებთ და ეს საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიული ურთიერთობის თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მუდმივი პროცესია“, - განაცხადა მინისტრმა. გენერალმა ჰოჯესმა ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ აშშ ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქარტველოში გაზრდიდა. მისივე თქმით, ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებაზე საუბრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია და ის, ხვალ, 18 ნოემბერს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს

მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ღირებულების სამედიცინო ჟანგბადის გენერატორებს ყიდულობს. ტენდერი გამარტივებული წესით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 16 ნოემბერს გამოცემული დადგენილებიდან გახდა ცნობილი. "ინფექციის [COVID - 19]შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად, იზრდება COVID-19-ის მართვისთვის მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა. დღეისათვის უკვე მობილიზებულია 6000 საწოლზე მეტი და თვის ბოლომდე კიდევ იგეგმება 2400 საწოლის დამატება. აღსანიშნავია, რომ COVID–19-ით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება სამედიცინო ჟანგბადი". – წერია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში. ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში სექტემბრის პირველი ნახევრიდან გართულდა. ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 45 პაციენტი. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, ამ დროის განმავლობაში 85 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა. სულ 16 219 აქტიური შემთხვევაა.

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 13 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 788 473 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 42 461 პაციენტი გარდაიცვალა.

დარწმუნებულები ვართ, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს - დავით ბაქრაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იქნება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პომპეოსთან შეხვედრებზე იმსჯელებენ მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან ვაჭრობის განვითარებაზე. „რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი აქტით, ასევე აპროპრეაციების აქტით და ველოდებით რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია. კოვიდ-19-ის და მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც საქართველოსთან, ასევე რეგიონთან საქართველოს გავლით იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად. მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები იგეგმება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტი იქნება ისეთივე შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე“, - განაცხადა ბაქრაძემ. ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

იან კელი: მაიკ პომპეო თბილისში მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ეს შეცდომაა

ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტისას მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ იან კელი Twitter-ზე წერს. „პომპეო საქართველოშია, მორიგი ქვეყანა სადავო არჩევნების შედეგების პირობებში. ის მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ეს შეცდომაა“, - წერს ამერიკის ყოფილი ელჩი. სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს. მაიკ პომპეოს ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან არ არის დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობას ოპოზიცია მდუმარე აქციით და ტრანსფარანტებით გეგმავს.

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია. მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს. ის სახლში მკურნალობს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 117 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 16 219-ს შეადგენს.

გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია - კარლ ჰარცელი

გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩი მიიჩნევს, რომ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო რესურსის მობილიზებაა საჭირო. ”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან,” - აცხადებს კარლ ჰარცელი. ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია - მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ზომებს გაგებით მოეკიდონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მერკელმა აღნიშნა, რომ სოციალური ცხოვრების შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, მიღებული გადაწყვეტილებები კი მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული იყო. „თუმცა, იქამდე ლოდინი, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ შეივსება, დაუშვებელია“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა მიუნხენში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე. შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის 16 რეგიონის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ სურთ, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, შობამდე თავი შეიკავონ კერძო წვეულებების გამართვისგან, შეზღუდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და გრიპის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სახლში დარჩნენ. ანგელა მერკელი და რეგიონების ხელმძღვანელები ვიდეო ფორმატში შეხვედრას მომავალი კვირის ოთხშაბათსაც გამართავენ.

New York Times: ტრამპი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად ირანზე თავდასხმას განიხილავდა

New York Times-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას, მთავარ თანაშემწეებს ჰკითხა უახლოესი კვირების განმავლობაში ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. ამერიკული მედია წერს, რომ ტრამპის ჩანაფიქრს წინ უსწრებდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს განცხადება (IAEA) ირანის მიერ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. მისივე თანახმად, დიდი ალბათობით ტრამპის იერიშის სამიზნე გახდებოდა ქალაქი ნატანზი, რომელზეც თქვა ატომური ენერგიის სააგენტომ, რომ ურანიუმის მარაგები იქ ახლა ძველზე თორმეტჯერ მეტი იყო. ეს ყველაფერი კი მოხდა მას შემდეგ, რაც ირანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 2018 წელს, რომლის თანახმად ირანი არ გაზრდიდა საკუთარ მარაგებს. ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გაზრდის სადამსჯელო ზომებს, რასაც ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს „სანქციების კედლის“ აგების მცდელობად, რომლის გადალახვაც ბაიდენს გაუჭირდება. თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ გამწვავდა. შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ადრინდელი სანქციების გაუქმებას გულისხმობდა. 2015 წლის შეთანხმებით, თეირანი, ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სააგენტოს ექსპეტებს, ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ შეამოწმონ მისი ბირთვული ობიექტები.

მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატისთვის, ოღონდ „ქართული ოცნების" წამყვან სახეებთან - სერგო ჩიხლაძე

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნების" წამყვან სახეებთან, რანგით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა. „რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს", ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვიყავით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ვითხოვდით პრემიერ-მინისტრთან და სხვა წევრებთან დებატებს, თუმცა, მაშინ არ შედგა პრემიერ-მინისტრთან დებატები. დებატებს არ გავურბივართ, პირიქით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სახის დებატში შევიდეთ, ოღონდ „ქართული ოცნების" წამყვან სახეებთან, რანგით, მესამე-მეოთხე კლასის მოთამაშეებთან არა. უპრიანი იქნება ან თავმჯდომარესთან ან იგივე გახარიასთან", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.

მაიკ პომპეო საქართველოშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასასმელად იქნება გამოყენებული და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე; მთავარი დასაყრდენი რეგიონში. 10-დღიანი ტურნე 7 ქვეყანას მოიცავს. ის თურქეთიდან ჩამოვიდა, სადაც მსოფლიო პატრიარქს შეხვდა, ქვეყნის ლიდერებთან კი მოლაპარაკებები არ გაუმართვს. თბილისი ევროპაში მაიკ პომპეოს ბოლო გაჩერებაა. საქართველოს დედაქალაქის დატოვების შემდეგ კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს. რაიმე სახის განცხადება, ან პრესკონფერენცია პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის. მაიკ პომპეოს ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან არ არის დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობას ოპოზიციამ მდუმარე აქციით და ტრანსფარანტებით გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, „ქართული ოცნება“ კი ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს და მეორე ტურისთვის ემზადება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გამართული ორი რაუნდი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მესამე შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა. მანამდე კი, დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას ორივე მხარე ხაზს უსვამდა. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ პომპეოს ვიზიტს აშშ-შიც არჩევნები უძღოდა წინ. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

სომხეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების გამართვის მოწოდებით გამოდის

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, რათა ქვეყანაში, კრიზისი, რომელიც "სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად წარმოიშვა", მოგვარდეს. "არჩევნები ქვეყანას, ექვსკვირიანი ომის შემდეგ რყევისგან იხსნის, რომელომაც ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა", - აღნიშნა სარქისიანმა. მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალიანსს მოუწოდა, შეიმუშაონ „საგზაო რუკა“ და მოამზადონ ვადამდელი არჩევნები. "ის უნდა მოაწყოს ახალმა, „ეროვნული თანხმობის მთავრობამ“, - აღნიშნა მან. სარქისიანის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ ის აცხადებს, რომ მისი წინადადება პოლიტიკური პარტიებსა და საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს ასახავს. ზოგიერთი პარტია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას და საპროტესტო გამოსვლებს მართავს ქუჩაში. ფაშინიანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და 16 ნოემბერს გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომას ოპოზიცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების გამო მოითხოვდა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში თავი მშვიდად იგრძნონ - კულუმბეგოვი

თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი“,- ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ზოგადად ეპიდემიის მიმდინარეობის ტრაექტორია აღმავალია, შესაბამისად, შეხვედრისას ასევე საუბარი იყო ეპიდემიოლოგიურ მოდელირებებზე. „ვთანხმდებით, რომ ქვეყანა პიკთან ახლოს არის. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის, თითოეული ექიმისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან პაციენტების გაზრდილი რაოდენობა და სახელმწიფოს შესაძლებლობები. ვისაუბრეთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე, რაც რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა სამედიცინო და არა სახელმწიფოს ნაწილში. თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი. ამისთვის საჭიროა რესურსებზე ხელმისაწვდომობა და აქ პირველ რიგში იგულისხმება პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი გაუმჯობესება. ასევე რა თქმა უნდა, საუბარი იყო მობილობის შემცირებაზე, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების ბუნებრივ მაჩვენებლებს დავარტყათ. ეს თავისთავად აისახება ავადობის შემცირებაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას და მასზე შეწონილ სიკვდილობის ციფრს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით განმეორებითი შეხვედრები გაიმართება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„აზიის განვითარების ბანკმა“ წევრებისთვის კოვიდ19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

„აზიის განვითარების ბანკმა" 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ტექნიკური დახმარების სახით, განვითარებადი წევრებისთვის კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისა და ვაქცინის სამართლიანი და ეფექტური განაწილებისთვის სისტემების დანერგვის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ADB-ში აცხადებენ, ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად, რათა მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგისთვის. ფულადი რესურსი წევრებს დაეხმარება შეაფასონ და გააძლიერონ ვაქცინის ცივი ჯაჭვი და ლოგისტიკა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მომარაგება და უნარები, რისკების კომუნიკაცია და რეალურ დროში მონაცემთა აღრიცხვა და ზედამხედველობა. ტექნიკური დახმარება ასევე დაეხმარება ინოვაციური ცივი ჯაჭვის იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას და ვაქცინის მიწოდების მონიტორინგის ტექნოლოგიებს. „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად საერთო ჯამში კარგად იმუშავა. უსაფრთხო, ეფექტურ და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხურია. აღნიშნული გრანტით, ADB-ის შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება", - განაცხადა ADB-ის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვოჩონგ უმმა. ინფორმაციის თანახმად, ADB ტექნიკური დახმარების განხორციელებას პარტნიორებთან - UNICEF-თან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად გეგმავს, COVAX-თან, Gavi-სთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მრავალმხრივ სააგენტოებთან კოორდინაციის გზით. აღნიშნული ტექნიკური დახმარების 20 მილიონ აშშ დოლარს ADB-ის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300,000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს - ალიევი

ქალაქ შუშას ოკუპაციისგან გათავისუფლებამ მტერს ჩვენი ძალა, ჩვენი არმიის გამბედაობა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობა აჩვენა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ფიზული-შუშას გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გაეცნო. მისი თქმით, შუშას გათავისუფლების ოპერაცია დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვდა. „დარწმუნებული ვარ, ეს ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს. შუშას გათავისუფლება ბრწყინვალე გამარჯვებაა, რომელმაც მტერს უკანასკნელი დარტყმა მიაყენა, შემთხვევითი არ არის, რომ მტერმა 10 ნოემბერს ფაქტობრივად კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი,“- განაცხადა ალიევმა. მან აზერბაიჯანელ ხალხს ფიზული-შუშას გზის მშენებლობის დაწყება მიულოცა. „დღეს საძირკველი ეყრება ფიზული-შუშას საავტომობილო გზის მშენებლობას. ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას ყარაბაღის გვირგვინთან, ქალაქ შუშასთან მივყავართ. ამასთან, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც გათავისუფლებულ მიწებზე ხორციელდება,“- აღნიშნა ალიევმა.