ახალი ამბები

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი: სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტი ოლივერ როპკე და EESC-ის (ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი) საგარეო ურთიერთობების სექციის პრეზიდენტი დიმიტრი დიმიტრიადი ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) სახელით გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, აშკარად მიუთითებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ უკანდახევასა და ევროპული გზიდან გადახვევაზე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ასახავს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. ასიათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში, რითაც აჩვენებენ თავიანთ ურყევ ერთგულებას დემოკრატიისადმი, ფუნდამენტური უფლებებისადმი და მათი სურვილისადმი, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილნი. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ხელისუფლების მიერ ძალადობის მიუღებელი გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის მუშაკების მიმართ. საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს თავისი ხალხის მოთხოვნებს და არა ჩაახშოს ისინი. EESC-ში ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხს, რომლებიც მუდმივად აჩვენებენ თავიანთ ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სოციალურ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებთანაც წლების განმავლობაში დავამყარეთ კონსტრუქციული ურთიერთობები ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა და CECM-ის (Committee's Enlargement Candidate Members initiative) მეშვეობით. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.  

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები საქართველოზე: ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც „აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში.“ „ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ,“ - აცხადებენ მინისტრები. საგარეო საქმეთა მინისტრები „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის „არაპროპორციულ გამოყენებასა“ და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების „მიზანში ამოღებას“ გმობენ. „ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მინისტრების განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე დააყენებენ. „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვიხსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელებულმა ქმედებათა კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და შედეგად, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესება. აღნიშნულ საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, გარდა ამისა, ჩვენ „ქართული ოცნების“ ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზეც განვიხილავთ,“ - აცხადებენ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.  

ირაკლი კობახიძის თქმით, „ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი“

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.“ „როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში,“ ამბობს კობახიძე. მან ისაუბრა ევროკავშირზეც. „ჩვენ ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი საქმიანობის 4-წლიანი შედეგები. სადაც აჩვენებ ღირსებას, იქ მიიღებ აუცილებლად ღირსეულ პასუხს, სადაც მოადუნებ ბრძოლას, არ არჩვენებ სათანადო ღირსებას, იქ პასუხიც იქნება შესაბამისი. ჩვენ ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან მიდგომები თვისებრივად შეიცვლება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად სამართლიანი იქნება დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას, პრემიერის თქმით, მთავრობა მოლოდინის რეჟიმშია: „იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირი კომუნიკაცია.“ ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციიდან კლინიკებში გადაჰყავდათ არაერთი დაშავებული. 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს  

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში, საპოლიციო ღონისძიება - „მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს.“ დაკავებულია 2 მოქალაქე. უწყების განცხადებით, „პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია, პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მოქალაქეებს ჩანთების გახსნას და დათვალიერებას თხოვენ. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები. ასევე, აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე,“ წერს შსს. „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება: „პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ  

აქციების ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მოსამართლის თქმით, სასამართლომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა." ხუსკივაძის თქმით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით იხელმძღვანელა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არსებობდა. დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. მათ შორის, 3 000, 5 000, 8 000, 10 000- ლარიან გირაოს შუამდგომლობდნენ. ადვოკატების თქმით, დაკავებულებს „Facebook პოსტებს" ედავებიან და "მოტანილი მაკულატურით 21 წელს მიუღწეველი პირები ციხეში არ უნდა გაუშვან." დაკავებულები - ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ. ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 13 პირი. ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

შსს: დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ამოიღეს რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული იარაღი, საბრძოლო ვაზნები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ბინაში (ამაღლების N12) 5 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ. განცხადებაში წერია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის ბინის ჩხრეკისას, „სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.“ უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას. დიმიტრი ჩიქოვანი თავის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას პოლიტიკუკ დევნად აფასებს. „მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო,“ - დაწერა მან 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში. განახლება: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, მისი სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და გაფორმებულია, ხოლო "ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ე.წ. უწყების მიერ ჩადებული." „ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია, სრული ინფორმაცია ქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. [...]," - წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში. შსს-განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩხრეკა ჩატარდა როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე „საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში“. ამავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების ფარგლებში უკვე დაკავებულია 26 პირი. 6 დეკემბრის მონაცემებით, აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი. დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი გააუქმა

„საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუმინეთში საარჩევნო პროცესი სრულად განახლდება და არჩევნების ახალ თარიღს ქვეყნის მთავრობა დანიშნავს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ იყო "ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება." საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს მოთხოვნა შედეგის ბათილად ცნობის შესახებ, იმ სადაზვერვო დოკუმენტების გათვალისწინებით, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რუსეთის გავლენის შესახებ ბრალდებები. კანონი ადგენს, რომ არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში, კენჭისყრა უნდა განახლდეს გაუქმების დღიდან მეორე კვირას, რაც ახალი არჩევნების თარიღად 22 დეკემბერს ნიშნავს. თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას მთელი საარჩევნო პროცესის და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის განახლება მოსთხოვოს. ცნობისთვის, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე მართავდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს. 24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით, ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ლიბერალმა ელენა ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა. მოქმედი სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე გავიდა.  

სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, ალეკო ელისაშვილმა, “ქართული ოცნების” წევრს ალი ბაბაევს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, „ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები, რაც ელისაშვილის ბრალეულობას ამტკიცებს, ამიტომ არსებობს საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა იქნას გამოყენებული.“ პროკურორის მტკიცებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ელისაშვილმა შესაძლოა, ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ამასთან, არ არის გამორიცხული მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. რაც შეეხება გირაოს, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გირაოს არ ითხოვს, რადგანაც გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას. ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილს დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგაა არ გაუწევია. ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილის მხრიდან ასევე გამორიცხულია ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, მათ შორის იმის გამოც, რომ მას არ გააჩნია წარსულში ნასამართლობა. დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაზე დაკვირვების შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ელისაშვილი ალი ბაბაევთან კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშია. „ბაბაევი იღებს რკინის ჯოხს, ეპარება ელისაშვილს რომ მას ჩაარტყას,” - განაცხადა ადვოკატმა სხდომაზე და აღნიშნა, რომ და “თუ რაიმე დანაშაული არის, არის მხოლოდ მეორე მხრიდან”. ადვოკატის თქმით, ელისაშვილის მიმართ ალი ბაბევის მხრიდან მოხდა პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, როგორც ელისაშვილის დაცვის მხარემ სხდომაზე აღნიშნა, ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ დგას, რის გამოც სასამართლოს ალტერნატივის სახით სასამართლოს 3 000 გირაო შესთავაზა, თუმცა მოსარჩლემ ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ. 6 დეკემბერს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები განიხილავენ შესაძლებლობას, დეკემბერში საქართველოს ეწვიონ. „ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პრეზიდენტ დუდასთან ერთად განვიხილავთ,“ - განაცხადა გიტანას ნაუსედამ ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნები ემხრობიან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას: „რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, - არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები, არამედ მთელი ევროკავშირი, - მით უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროპის პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ვემხრობი სანქციების დაწესებას ევროპულ დონეზე. მაგრამ თუ ევროკავშირი გამოაცხადებს სანქციებს და შემდეგ ამას ვერ განახორციელებს, ეს სანდოობის დაკარგვას გამოიწვევს, და ჩვენ ეს ნამდვილად არ გვსურს“, - განაცხადა მან. „მზად ვარ, რომ ეს საკითხი წამოვწიო ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე,“ - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, საქართველოში ამჟამინდელი ვითარება „სრულიად განსხვავდება“ 2008 წლის რეალობისაგან: „[2008 წელს] რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში და მოახდინა მისი ოკუპაცია. საზოგადოება ერთიანად აღუდგა წინ ოკუპანტსა და აგრესორს. ამჯერად ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ჩვენ ვგმობთ საქართველოს ზოგიერთი თანამდებობის პირის რიტორიკას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და [ეს განცხადებები] კონსტიტუციასთაინ წინააღმდეგობაში, საქართველოს საზოგადოებასთან წინააღმდეგობაში მოდის,“ - განაცხადა ნაუსედამ. 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და NATO-ს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ - „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის.“ მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. პასუხად 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, სადაც საგარეო უწყების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ამ გადაწყვეტილების გამო. 5 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  

გერმანიის ელჩი: ის, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა

საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები -პეტერ ფიშერი, შერაზ გასრი და გარეთ უორდი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდნენ შესაბამკს ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი სოციალ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის საქმიანობას. ის, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ,“ - წერს ელჩი. ომბუდსმენი: ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახ, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს  

ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ

„პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ - დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, - შესაბამისი პოსტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. „საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი - 9 წელი!“- წერს პრეზიდენტი.  

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება. „ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი ხმა. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება,“ - წერს მეცოლა და აღნიშნავს, რომ „ახლახალ ესაუბრა პრეზიდენტ ზურაბიშვილს.  

ამერიკის საელჩო: ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია

საქართველოში აშშ-ის საელჩო მორიგ ქარდს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია,“ – წერს საელჩო. ამერიკის საელჩო: ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა  

შსს-ს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე პოლიციამ კიდევ 3 მომიტინგე დააკავა

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 -ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 26 პირი,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

სასამართლომ გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.  

რუმინეთი არჩევნების დროს "რუსული აგრესიული ჰიბრიდული თავდასხმების" სამიზნე იყო - უშიშროების საბჭო

რუმინეთის უშიშროების უმაღლესი საბჭოს გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ქვეყანა "აგრესიული ჰიბრიდული რუსული თავდასხმების" სამიზნედ იქცა. რუმინელები კვირას, 8 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის დროსაც შესაძლოა, პრორუსმა, NATO-ს კრიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ, პროევროპელი ცენტრისტი ელენა ლასკონი დაამარცხოს დაამარცხოს. ამ შედეგმა შესაძლოა, რუმინეთის დასავლეთისგან იზოლირება მოახდინოს. 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, ჯორჯესკუმ, რომელსაც სურს, შეწყვიტოს რუმინეთის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, გამარჯვებას მიაღწია, რამაც კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ როგორ იყო ასეთი სიურპრიზი შესაძლებელი ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყანაში. ერთ-ერთ არასაიდუმლო დოკუმენტში, რუმინეთის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ ჯორჯესკუ მასიურად დაწინაურდა სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე კოორდინირებული და ფასიანი რეკლამების საშუალებით. ჟორჟესკუ განაცხადა, რომ კამპანიაში მის მიერ დახარჯული თანხები ნულოვანი იყო. სადაზვერვო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ რუმინეთის ოფიციალურ საარჩევნო ვებგვერდზე წვდომის მონაცემები რუსეთის კიბერდანაშაულის პლატფორმებზე გამოქვეყნდა. სააგეტომ დაადგინა 85000-ზე მეტი კიბერშეტევა, რომლებიც სისტემის დაუცველობის გამოყენებას ისახავდა მიზნად. „თავდასხმები ინტენსიურად გაგრძელდა, მათ შორის, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ღამით,“ - ნათქვამია სააგენტოს გასაიდუმლოებულ დოკუმენტში. 5 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომ რუმინეთის ხელისუფლება ავლენს ფართომასშტაბიან და კარგად დაფინანსებულ რუსულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ. შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.  

მოსმენა სენატში: საქართველოსთან დაკავშირებით ორპარტიული კონსენსუსი არსებობს

ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს. სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, ის და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრნენ. „როგორც ვიცით იქ (საქართველოში) სიტუაცია სულ უფრო მძიმე ხდება. ეს კომიტეტი ქართველი ხალხის მიმართ დიდი ხანია, ერთგულია. ვფიქრობ, ყველანი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რომ ამ საკითხში საქართველოსთან დაკავშირებით სენატსა და კონგრესში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს და არ ვაპირებთ, მოქმედების გარეშე შევეგუოთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია ამ გზავნილს გაიგებენ,“ - განაცხადა ჯინ შაჰინმა. თავის მხრივ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) აღნიშნა, რომ „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს.“ „ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ „მაგნიტსკის აქტის“ განხორციელება ყველაზე ეფექტიანი გზებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პროევრული დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკ ზომებს იღებს და ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესანარჩუნებლად, რომელშიც ადამიანები შეძლებენ, თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი,“ - განაცხადა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა მიუღებელია უწოდა იმას, „რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს.“ ის იმედოვნებს, რომ „მაგნიტსკის სანქციები“ საქართველოს „სწორ გზაზე დაყენებას ხელს შეუწყობს, რადგან რაც იქ ახლა, ჩვენი საუბრის მომენტში ხდება, მიუღებელია.“ „ჩემი აზრით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ სად შეიძლება, „მაგნიტსკის სანქციები“ სასარგებლო იყოს,“ - განაცხადა ბენ კარდინმა. სენატორები რიში და შაჰინი: აშშ-ის კონგრესში ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ

ბლინკენი: ვიზიარებთ ეუთოს წევრების შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვგმობთ სასტიკ აგრესიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, საპროტესტო აქციებსა და საპარლამენტო არჩევნებზე. „წელს ეუთო აკვირდებოდა ათზე მეტ არჩევნებს - შეერთებული შტატების ბოლო არჩევნების ჩათვლით. მოლდოვაში ეუთომ დაადასტურა კარგად ადმინისტრირებული მეორე ტური, მიუხედავად რუსეთის ჩარევისა. ახლა რუმინეთის ხელისუფლება ავლენს ფართომასშტაბიან და კარგად დაფინანსებულ რუსულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ. იმავდროულად, საქართველოში ეუთოს დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს [26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე] ამომრჩეველთა დაშინებაზე და მმართველი პარტიის მცდელობებს, ველი მის სასარგებლოდ შეეცვალა. შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს ბევრი წევრის შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ავის მომასწავებელი ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას - რეპრესიას მათ მიმართ, ვინც ქვეყნის ევროპულ გზაზე დარჩენისკენ მოწოდებით გამოდის - განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებისა და დაკავებების შესახებ ცნობებს," ამბობს ამერიკელი დიპლომატი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გასაძლიერებლად.“ შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, „აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, პასუხს აგებენ.“  

ფაშინიანი ტრამპს ესაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაურეკა, რათა  აშშ-სომხეთის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოებია საკითხები განეხილა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანმა ტრამპს „სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესაბ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა ამ ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობაზე. „ასევე განიხილეს რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები,“ - ნათქვამია განცხადებაში. სხვა დეტალები არ გავრცელებულა. არც ტრამპს და არც მისი გარემოცვის წევრებს არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ საკითხზე. ფაშინიანმა ტრამპს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 6 ნოემბერს მიულოცა. მილოცვისას სომხეთის პრემიერმა გამოთქვა რწმენა, რომ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში ორმხრივი კავშირები "კიდევ უფრო გაძლიერდება" და ამაღლდება "სტრატეგიულ პარტნიორობამდე." „ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, რათა ავაშენოთ სომხეთისა და აშშ-ის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე,“ – წერდა ნიკოლ ფაშინიანი. აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს ფაშინიანს მცდელობებს, გააღრმაოს სომხეთის ურთიერთობები დასავლეთთან, რამაც სამხრეთ მის ტრადიციულ მოკავშირე,რუსეთთან უპრეცედენტო დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონმა ასევე არაერთხელ სცადა, ხელი შეეწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ჯერ კიდევ გასარკვევია, გამოავლენს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ასეთივე ინტერესს, დაეხმაროს ერევანს მოსკოვის ორბიტისგან თავის დაღწევაში და სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დასრულებაში. ტრამპს არასოდეს ჰქონია პირისპირ მოლაპარაკებები ფაშინიანთან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. რესპუბლიკელმა ტრამპმა საპრეზიდენტო რბოლის დროს, 24 ოქტომბრის განცხადებაში ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა გასული წლის მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის იძულებით გადასახლებაში და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაასრულებს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს.

ამერიკის საელჩო: ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა

ამერიკის საელჩო მოკლე გზავნილებით ქარდების გამოქვეყნებას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა,“ წერს საელჩო. „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ბლინკენი: აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში როგორც ცნობილია, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი პიროტექნიკას იყენებს და სხვადასხვა საგანს ისვრის. აქციებიდან კლინიკებში პერიოდულად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“ 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“ „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.   29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.“ დღესვე, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.