თეგი: მიგრაცია
3 თვეში რუსეთი 3,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა
რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკა 2022 წლის პირველ სამ თვეს მოიცავს. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. 2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი 3 880 679-მა მოქალაქემ დატოვა. აქედან 38 281 ადამიანი საქართველოში ჩამოვიდა, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 5-ჯერ მეტია. საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეები მიემგზავრებიან სომხეთში, სადაც 2022 წლის პირველ კვარტალში 132 129 ადამიანი ჩავიდა – სამჯერ მეტი, ვიდრე შარშან; აზერბაიჯანში – 56 475 (წინა წელს – 20 378); უზბეკეთში – 53 084 (წინა წელს – 15 206), ტაჯიკეთში – 40 054 (წინა წელს – 8 857); ყაზახეთში – 204 947 (წინა წელს – 122 330). პორტალის „ტაკიე დელა“ და დამოუკიდებელი სპეციალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთს საშუალოდ ტოვებდა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი წელიწადში.
რუსეთში IT სპეციალისტების დეფიციტია
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იგორ ზუბოვის განცხადებით, რუსეთში IT სპეციალისტების დანაკლისი 170 ათას სპეციალისტს შეადგენს. მთლიანად დარგში კი ერთი მილიონი ადამიანია დასაქმებული. რუსეთს IT სპეციალისტები მასობრივად ტოვებენ მისი თქმით, IT სპეციალისტებმა ქვეყანა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო დატოვეს. IT სპეციალისტების მასობრივი მიგრაციის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ დარგის შესანარჩუნებლად ზომები მიიღო. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებულებს არ გაიწვევენ ჯარში და შეღავათიანი იპოთეკური სესხებით სარგებლობას შეძლებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: ქვეყანაში დაუსაბუთებელად თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა გვაქვს
"საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია და მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. „უკრაინიდან გვაქვს მომართვიანობის ზრდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ავღანეთის კრიზისი იყო და შესაბამისად, მომართვებმა ასევე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მოიმატა. ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას. გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული მათი მოთხოვნა დროულად განვიხილოთ და სწრაფადვე იქნას გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის და ჩვენ ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს ვუმკლავდებით, რაც არის,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა
გასულ კვირას (19-25 სექტემბერი), ევროკავშირში რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით, 30%-ით მეტია. ამ ინფორმაციას ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო frontex-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ევროკავშირში ფინეთისა და ესტონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით შემოდის. რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ ფინეთში საგრძნობლად გაიზარდა საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა. „გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე შევიდა ევროკავშირში, რაც წინა კვირასთან შედარებით, 30%-ზე მეტია. მათი უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში სახმელეთო საზღვრებით რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა. ამავდროულად, რუსეთის 1 273 000 მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა რუსეთში ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრების გავლით.
ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია რეკორდულად გაიზარდა
2022 წლის ათი თვის განმავლობაში, წინასწარი შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნების საზღვარი, 275,5 ათასმა ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით მეტია. მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარე საზღვრის დაახლოებით 36,5 ათასი უკანონო გადაკვეთის ფაქტი აღრიცხეს, რაც 47%-ით მეტია გასული წლის იმავე თვესთან შედარებით. ევროკავშირისკენ არალეგალური მიგრაციის ყველაზე აქტიური გზა - დასავლეთ ბალკანეთია. ოქტომბერში იქ 22,3 ათასზე მეტი არალეგალური მიგრაციის ფაქტი გამოვლინდა - ანუ თითქმის სამჯერ მეტი ვიდრე ერთი წლის წინ. რაც შეეხება ლა-მანშის არხს, 2022 წლის პირველ ათ თვეში იქ, არალეგალური მიგრანტების რაოდენობამ 62 323 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით მეტია.
კელი დეგნანი: გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ამერიკაში წასასვლელად ლეგალურ გზას მიმართონ და არ ჩაიგდონ თავი საფრთხეში. „უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით, ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე, გართმევთ შანს, მეორედ ჩამობრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგალურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ითვლება რომ იქ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება ამ ადამიანების დეპორტაცია. ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება“, - განაცხადა დეგნანმა. მისივე თქმით, პანდემიის გამო აშშ-ის ვიზის გაცემა გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო და ბევრი საქმე დაგროვდა ამ კუთხით. „ეს არა მარტო საკონსულოში, არამედ მსოფლიოს მაშტაბითაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრნონ. უბრალოდ ამისათვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და უფრო ადრე საბუთების შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდმა გარკვეული შეზღუდვები მოგვიტანა და სწორედ ამან გამოიწვია ინტერვიუების შეფერხება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამერიკაში მოხვედრა, რომ ყველაფერი გააკეთონ კანონიერი გზით”, - განაცხადა კელი დეგნანმა „ქუთაისიპოსტთან“ ინტერვიუში. აშშ-ის ელჩი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა.
ზურაბიშვილი: გამოწვევაა რუსეთიდან მიგრაცია, სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური
კიდევ ერთი გამოწვევა გახლავთ რუსეთიდან მასიური მიგრაცია, რომელიც ასევე გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ, სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან, წინასაახალწლო მიღებაზე განაცახდა. IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ ამ მიმარტულებით ვითარება სრულად გააკონტროლოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 700 00-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა „კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში არასასურველი განზრახვები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მიგრაციის შესამცირებლად საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს - კობახიძე
მიგრაციული სტატისტიკა არის რამდენჯერმე გაუმჯობესებული ჩვენს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ იმაზე მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოდის, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დემოგრაფია არის ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის უარყოფითი მიგრაციული სალდო, ასევე არის რა თქმა უნდა ეკონომიკის ჯერ კიდევ სუსტი მდგომარეობა. ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 4 250 დოლარი, შარშან, წლის ბოლოს ანუ ორი წლის თავზე იყო 6 800 დოლარი, ანუ გაუმჯობესება არის სერიოზული, მაგრამ ჯერ კიდევ 6 800 დოლარია ჩვენი ეკონომიკა შარშანდელი მონაცემებით. ამ წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა გახდება დაახლოებით 8 000 დოლარი, თანდათანობით იზრდება ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე, მაგრამ ამას სჭირდება თავისი დრო. ამიტომ, იმისთვის, რომ მიგრაცია შემცირდეს, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, იმისთვის რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს
მიგრაციის ნაკადების გაზრდის გამო ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი სასაზღვრო რეგულაციებს ამკაცრებს. Reuters-ის ინფორმაციით, შენგენის ზონის ზოგიერთმა ქვეყანამ ბლოკის შიგნით ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვა მას შემდეგ დააწესა, რაც 2023 ლეგალური და არალეგალური მიგრაციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ავსტრიის ხელისუფლებამ სასაზღვრო რეგულაციები ჩეხეთის საზღვართან ოქტომბრიდან აღადგინა, ნოემბრიდან კი, მსგავსი შეზღუდვა სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებითაც აამოქმედა. შენგენის ზონის ქვეყნებიდან საჰაერო გზით შესვლაზე კონტროლი აღადგინა დანიამაც. დანიამ 2024 წლის მაისამდე ასევე შეზღუდვები დააწესა გერმანიის პორტებიდან შესულ პირებზეც. საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ასევე გაამკაცრა გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და საფრანგეთმა. გამოცემის განმარტებით, ევროკავშირის მოქალაქეებს შენგენის ზონის შიგნით გადაადგილება კვლავ შეფერხების გარეშე შეუძლიათ და ახალი რეგულაციების მიზანი გაერთიანების შიგნით მიგრანტების თავისუფალი გადაადგილების შეფერხებაა.
გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში
გერმანიის საელჩოს შეფასებით, „მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. გარდა ამისა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.“ გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან მიგრაციის შეთახმების საკითხებში, იოახიმ შტამპთან ერთად თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ. „ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ,“ - განაცხადა მინისტრმა ფეზერმა საქართველოში გამომგზავრებამდე.
საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ნენსი ფეზერთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. „შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას. შეხვედრაზე გერმანული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოხსენებული შეთანხმება,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში
ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის წესებზე ახალ შეთანხმებას მიაღწია
ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის წესებზე ახალ შეთანხმებას მიაღწია. მან ამ შეთანხმებას საეტაპო უწოდა. შეთანხმება გზას უხსნის საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც ივნისში, ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე უნდა დამტკიცდეს. აქამდე წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ რომელმა სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიგრანტებზე, მათი ჩასვლის მომენტში და უნდა დაეკისროთ თუ არა სხვა წევრ ქვეყნებს დახმარების პასუხისმგებლობა. ბლოკის ძველმა შეთანხმებამ არ იმუშავა 2015 წელს, როცა ევროპაში უკანონოდ, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა. მათი უმეტესობა სირიასა და ერაყში ომებს იყო გამოქცეული.
საქსტატი: 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა
ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების შესახებ დღეს დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლა. ოპოზიციის მიერ წადმოდგენილ ციფრებს მმართველი გუნდაი „დეზინფორმაციას“ უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს ოჯახებით ტოვებენ. „დიახ, დიდი პრობლემაა ის, როდესაც საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა, 800 000-მა მოქალაქემ და ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ამ ქვეყანაში მდიდრდება ელიტა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება. ამ ციფრზე თქვენ გაქვთ რეაქცია, ამას სჭირდება არა წამოძახილი ადგილიდან, არამედ, ეკონომიკის გაუმჯობესება, თქვენ აპროტესტებთ, ცდილობთ ხელი შეგვიშალოთ საუბარში და ეს ნამდვილად არ გამოგივათ, რადგან ეს არის რეალობა! თქვენ ამ ციფრს ეწინააღმდეგებით, ეწინააღმდეგებით იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ციფრს, რომელსაც აქვეყნებს ევროპის თავშესაფრის სააგენტო?! ევროპის თავშესაფრის სააგენტოზე დაყრდნობით, ამ ციფრებზე დაყრდნობით, თუ 2012 წელს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში მაგალითად, მუდმივად 7 083 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა, 2022 წელს ეს ციფრი უკვე სამჯერ გაიზარდა 22 900 მიაღწია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი 54-ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში,“ განაცხადა კირკიტაძემ. პლენარულ სესიაზე გამოსვლისას მამუკა მდინარაძემ ოპონენტები ტყუილში დაადანაშაულა. „წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია - თითქმის იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული,“ განაცხადა თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მედიასთან. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით გადაფარვას ცდილობენ. „ეს ხომ მარტივი მანიპულაციაა - როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია. "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები ცდილობენ, წვალობენ, რომ ის კონკრეტული საკითხები, რომელიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი, გადააფარონ მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით და აქაც მანიპულაციას მიმართავენ. თუ სტატისტიკას ნახავთ, იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული თითქმის," - განაცხადა ოხანაშვილმა. „დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა - დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია. იმ 800 000-ში თვითონაც ითვლება. ანუ, შემოსვლას აღარ ითვლიან. ანუ, თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის. უცხოეთიდან აკეთებს ამ განცხადებას. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ამ სიგიჟეს აჯერებენ ხალხს. თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებენ ადამიანებს, ასე ჰგონიათ, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს, ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვება, იმიტომ, რომ 800 000 ადამიანი რომ გავიდა 800 000 შემოვიდა და შეიძლება, მეტი ან ნაკლები, რამდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო ჩვენ არ გვაქვს. 2022 წლის ბოლოს 50 000 იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი უბრალოდ ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა უკან თურმე. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის,” -აღნიშნა მდინარაძემ მოგვიანებით მედიასთან. როგორია სტატისტიკა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთან, 2022 წელს იმიგრანტების – 30.3 პროცენტს, ემიგრანტების 80.5 პროცენტს კი, საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. ინფორმაციისთვის, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც საქართველო დატოვა და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველო კი, იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე). NDI-ის კვლევა 2023 წლის დეკემბრის კვლევით, მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი, ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, 10-დან დაახლოებით, ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს. ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. ამავე კვლევით ირკვევა, რომ 10-დან ერთ მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასები (65%) და/ან სამუშაო ადგილების არარსებობაა (56%). ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში ჩატარებული კვლევით, ყოველი მეექვსე ფიქრობდა ემიგრაციაში წასვლაზე. NDI: ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის
ევროპარლამენტმა ევროკავშირის საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმა დაამტკიცა
ევროპარლამენტმა თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა. რეფორმა ევროკავშირის საბჭომ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა დაამტკიცონ. კანონპროექტები, რომლებზე მუშაობაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2015 წლიდან, როდესაც ევროკავშირი ფართომასშტაბიანი მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების დაჩქარებას. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, თავშესაფარზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება, მიღებული იყოს განაცხადის შეტანისთანავე, პირდაპირ საზღვარზე. ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ ქვეყნებში დეპორტაციის პროცედურა უნდა გამარტივდეს. სოლიდარობის მექანიზმი ითვალისწინებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტთა განაწილებას კვოტების შესაბამისად (არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უნდა დარჩნენ ევროკავშირის პირველ ქვეყანაში, სადაც შეძლეს მოხვედრა). თუ რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის ლტოლვილების მიღებაზე, მას მოუწევს, ფინანსური დახმარება გაუწიოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ ლტოლვილებს. ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ განმარტა, რომ ახალი წესები იქნება „სამართლიანი“ მათ მიმართ, ვისაც აქვს თავშესაფრის უფლება, „მტკიცე“ მათ მიმართ, ვისაც არა აქვს ის და „მკაცრი“ მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას. შემოთავაზებულ რეფორმას აკრიტიკებენ როგორც მემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე პარტიები, ასევე ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები, კერძოდ, პოლონეთისა და უნგრეთისა. ის მხოლოდ მცირე სხვაობით დამტკიცდა - სხვადასხვა კანონპროექტს საშუალოდ ხმა მისცა 300-მდე დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 260-მდე იყო. მემარცხენეების წარმომადგენლები, ისევე როგორც მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მათ შორის Amnesty International-ი, აკრიტიკებენ რეფორმას ევროკავშირში თავშესაფრის მიღების პირობების გამკაცრებისა და არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამარტივებისთვის, მემარჯვენე პოპულისტები კი მიიჩნევენ, რომ ის არასაკმარისად მკაცრია მიგრანტების მიმართ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ასევე აკრიტიკებენ რეფორმით გათვალისწინებულ სოლიდარობის მექანიზმს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტ მიგრანტს მასპინძლობენ, ისეთებისა, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.