თეგი: პრაღა
პრაღის აეროპორტი უკრაინის ავიარეისებს რუსულად აღარ გამოაცხადებს
ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩმა ევგენ პერებიინისმა განაცხადა, რომ პრაღის აეროპორტი ფრენების შესახებ რუსულად აღარ გამოაცხადებენ. საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ პრაქტიკის შეცვლას, რადგან ინფორმაციის რუსულ ენაზე დუბლირებას არალოგიკურად მიიჩნევდა. აეროპორტის ადმინისტრაცია კი განმარტავდა, ორმ ავიაკომპანიების თხოვნას ითვალისწინებდა და აღნიშნული პრაქტიკა ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენი არგუმენტების გათვალისწინებით, პრაღის აეროპორტმა საელჩოსადმი მიწერილ წერილში განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან, უკრაინის მიმართულებით ფრენების შესახებ ყველა განცხადება საბოლოოდ მხოლოდ ჩეხურ და ინგლისურ ენებზე გამოცხადდება, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართულებით ფრენების დროს“, - განაცხადა ელჩმა. მისივე განცხადებით, „უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ, გაიგონ ინგლისურ ენაზე მიწოდებული საბაზისო ინფორმაცია, რუსეთის მოქალაქეები კი, უკრაინის გავლით, როგორც წესი, არ დაფრინავენ, რადგან უკრაინას აგრესორ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვეტილი აქვს“.
პრაღის მერი უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატად ეწვევა
ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის მერი, ზდენეკ ჰრჟიბი უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად 14 თებერვალს კიევს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, 15 თებერვალს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი ვარშავის მერ, რაფალ ტშასკოვსკის, შეხვდებიან. „ეს სწორია, რომ ასეთ რთულ დროს პრაღამ და „თავისუფალი ქალაქების პაქტის“ სხვა წევრებმა უკრაინის დედაქალაქისა და მისი მოქალაქეებისადმი თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. კიევი თავისუფალ დედაქალაქად და რეგიონში დემოკრატიის საყრდენად უნდა დარჩეს“, - აცხადებს ზდენეკ ჰრჟიბი. თავისუფალი ქალაქების პაქტს 2019 წელს ბრატისლავის, ბუდაპეშტის, ვარშავისა და პრაღის მერებმა ჩაუყარეს საფუძველი. ეს გაერთიანება მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვას და განვითარებას. პაქტს 2021 წელს ევროპის 20-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა.
პრაღაში, ქუჩის ნაწილს, სადაც რუსეთის საელჩო და საკონსულო მდებარეობს, უკრაინის გმირების სახელი ეწოდა
დღეიდან ოფიციალურად - რუსეთის საელჩო და საკონსულო პრაღაში, უკრაინის გმირების ქუჩაზე, ვიტალი სკაკუნის ხიდთან მდებარეობს. ამის შესახებ ჩეხეთში უკრაინის საელჩო იტყობინება. გადაწყვეტილება პრაღის მერიამ დაამტკიცა. სახელის გადარქმევა ქალაქის მცხოვრებლებს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ქუჩის ახალი სახელწოდების მონაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსები არ მდებარეობს. უკრაინელი გმირების ქუჩა ბორის ნემცოვის მოედანს ესაზღვრება. ამასთან, უკრაინელი გმირების ქუჩასთან მდებარე ხიდს უკრაინელი ჯარისკაცის, ვიტალი სკაკუნის სახელი ეწოდა, რომელიც 24 თებერვალს, ხერსონზე რუსეთის არმიის იერიშის დროს დაიღუპა. მან რუსული ტანკების შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა. სკაკუნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები
ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. „გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში ევროკავშირის მიერ ინიცირებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირთან დინამიკური ურთიერთობა გვაქვს
დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელსაც ეწოდება – „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“. ეს პლატფორმა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები, ხოლო მეორე მხრივ, ყველა ის ქვეყანაა მოწვეული, ვისი პოლიტიკური მომავალიც ასოცირებულია ევროკავშირთან, ევროპულ ოჯახთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ილია დარჩიაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას. აგრეთვე გაიმართება მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა. „საქართველო, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ამ პლატფორმაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ამ პლატფორმაზე, სხვა ლიდერებთან ერთად, იმ დისკუსიებში, რომელიც აქტუალურია. საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონშია და რეგიონს მიღმა. იმ გამოწვევებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, ხოლო მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა, იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებულია ევროპულ ოჯახთან და ამ მხრივ, ჩვენთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიზმიდან და ჭრილიდან დანახული, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ გვაქვს დინამიური ურთიერთობები ევროკავშირთან. ეს არის ორმხრივ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი და შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი ახალი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, გააძლიეროს და უფრო შედეგზე ორიენტირებული გახადოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილია ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში, სხვა ლიდერებთან ერთად, რათა ერთობლივად იქნას განხილული იმ ქვეყნების მომავალი, ევროპული ასე ვთქვათ ასპირაციები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა და შეკრება არ არის მხოლოდ ევროკავშირის ლიდერების შეკრება. აქ მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, ვისაც პოლიტიკური ასოცირება აქვს ევროპასთან, ევროპულ ოჯახთან. ეს იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ახალი მექანიზმი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიები გაიხსნას და ვისაუბროთ ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე, რომლებიც მათ ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციაში დაეხმარება“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო
ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის მთავარი საკითხია მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღესვეა დაგეგმილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრაც.
როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული - დისკუსიები პრაღის სასახლეში
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილი მაღალი დონის თემატური დისკუსიები პრაღის სასახლეში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე - თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული. აღინიშნა, რომ ახალი პლატფორმა, როგორიც არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, სადაც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ. დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი. ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი შეხვედრის პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის პლენარული სესია გახსნა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებული არიან ევროპულ ოჯახთან. 6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი იმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. გახსნის ღონისძიების შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Twitter გვერდზე ქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარულ სესიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობით საქართველო ჩართულია ევროპასთან ერთად დღის წესრიგში არსებული აქტიუალური საკითხების განხილვაში. „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში, რომელიც ჩეხეთში იმართება. როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული - დისკუსიები პრაღის სასახლეში მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, განვიხილოთ საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას“, - წერს პრემიერი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან ერთად თანათავმჯდომარეობა გაუწია ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიას - „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”. „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ არსებული გამოწვევების დასაძლევად“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. დახურული შეხვედრა პრაღის სასახლეში, პირველი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე სხვა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. მანამდე, ერდოღანმა, ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოკლე საუბარი გამართეს სამიტის წინ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრაა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.
პრაღის შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს მოლდოვა უმასპინძლებს
პრაღის შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, მოლდოვა უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლბა ავრცელებს. პრაღის ციხესიმაგრე ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) პირველ სამიტს მასპინძლობს. ამ ფორმატის წევრი ევროკავშირის სხვა მეზობლებთან ერთად უკრაინაც გახდა. 6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.
ილჰამ ალიევი: თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა, წლის ბოლომდე გაფორმდეს
თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „პრინციპში, რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ თუ სომხეთის მხრიდან კეთილი ნება იქნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო გადის, ჩვენი ინიციატივები ადვილად არ მიდის წინ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, თუმცა პირველ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. ვფიქრობ, თუ გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ წლის ბოლომდე. პრინციპში, გვაქვს გამოცხადებული ხუთი პრინციპი. ამასზე არავის აქვს კითხვები -არც სომხურ მხარეს და არც ევროკავშირს. საფრანგეთის პრეზიდენტთან კონტაქტების დროს მეც დავინახე, რომ ეს ხუთი პრინციპი აღიქმება, ეს ბუნებრივია, რადგან ახალი არაფერი გამოგვიგონია, ეს არის პრინციპები, რომლებზეც დამყარებულია ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ურთიერთობების ნორმალიზება სურთ“, - განაცხადა ალიევმა. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.
პრაღის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მოქალაქე, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებს აზიანებდა
პრაღის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიანი მანქანების საბურავებს ბურღის საშუალებით აზიანებდა. მსჯავრდადებულს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ჩეხური კრონის (დაახლოებით 4200 ევროს) გადახდა დაკისრეს. სიძულვილის მოტივით სხვა პირის ქონების დაზიანებისთვის დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მოსამართლე ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა. უკრაინული მედია პრაღის საერთაშორისო რადიოზე დაყრდნობით წერს , რომ მსჯავრდადებულმა პრაღის ორ რაიონში პარკინგზე მდგარი ოცამდე ავტომობილის 35 ბორბალი გახვრიტა. ჩეხეთის პოლიციამ პრაღის მცხოვრები, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მორიგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, გასული წლის სექტემბერში დააკავა. უფრო ადრე ჩეხეთში კაცს, რომელმაც ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს დააზიანა უკრაინის სანომრე ნიშნის მქონე მანქანა, ექვსი თვით პატიმრობა და ორწლიანი პირობით-გამოსასწორებელი პატიმრობა მიუსაჯეს.
მედია: პრაღის ხელისუფლებას პუტინის მომხრე საოპერო მომღერლის კონცერტის გაუქმება სურს
პრაღის ხელისუფლება რუსი საოპერო მომღერლის ანა ნეტრებკოს ოქტომბრის კონცერტის გაუქმებას განიხილავს. იუწყება გამოცემა Novinky. ნეტრებკოს სპექტაკლი პრაღაში 16 ოქტომბერს არის დაგეგმილი. „ჩვენ ვეძებთ გზას კონცერტის გასაუქმებლად,“ - განაცხადა პრაღის მერის მოადგილემ კულტურის საკითხებში, ირჟი პოსპიშილმა. პროდიუსერმა ალენა კუნერტოვამ, რომელიც ნეტრებკოს კონცერტს აორგანიზებს, განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ღონისძიების გაუქმების მცდელობები, რადგან „რუსმა სოპრანომ დაგმო ომი.“ კონცერტის გაუქმების შემთხვევაში, რომლის ბილეთების 80% უკვე გაყიდულია, სააგენტო და თავად არტისტი, ქალაქს კომპენსაციას მოსთხოვენ. ნეტრებკო, რომელიც დიდი ხანია, ავსტრიაში ცხოვრობს, წარსულში საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინს ეხმარებოდა. ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ნეტრებკომ საჯაროდ დაგმო ომი და განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შეხვედრია პუტინს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში ანა ნეტრებკოს კონცერტი შტუტგარტში გაუქმდა. მანამდე კი ის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერიდან გაათავისუფლეს.
საგარეო უწყება პრაღის უნივერსიტეტში სროლაზე: საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის
პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ. „საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის,“ - აცხადებენ სამინისტროში. წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. მსროლელის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახერხა.
ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში სულ მცირე 15 ადამიანი მოკლა, სტუდენტი იყო. კიდევ 24 ადამიანი დაშავდა. პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირი გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტუდენტი პრაღის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო, მისი მამა კი, დღეს, ხუთშაბათს იპოვეს გარდაცვლილი. სროლა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მოხდა - მას ტერორისტული ინციდენტის კვალიფიკაციას არ აძლევენ. „მასობრივი სროლა არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმთან,“ განუცხადა ჟურნალისტებს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა. როგორც BBC წერს, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი შთაგონებული იყო მსგავსი ხოცვა-ჟლეტით, რომელიც საზღვარგარეთ მოხდა. თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. პრაღის უნივერსიტეტში სროლისას 10 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა - BBC
პატრიარქი: დიდად ვწუხვართ ჩეხეთში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩეხეთის პატრიარქს სამძიმას უცხადებს. „დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს, ჩეხეთში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა.“ ჩეხეთის შს მინისტრი: პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან
ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ, პრაღის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტის შენობიდან მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს პოლიციამ შენობაში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. როგორც ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ პლატფორმა ქსელ X -ზე გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, ინგლისურად მოლაპარაკე კაცმა ტელეფონით პოლიციას აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა. შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. პოლიცია ცდილობს, დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა. დღეს ჩეხეთში გლოვის დღე იყო. პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა 21 დეკემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, რასაც 10 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.