თეგი: რობ ბაუერი
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართა სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს. ამასთან, გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც NATO-სთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა NATO-ს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოს დავეხმარებით, გააძლიეროს თავისი გამძლეობა და შესაძლებლობები
„NATO-ს სამხედრო კომიტეტმა განიხილა სამხედრო თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის. შეხვედრის მიზანი იყო დღევანდელი უსაფრთხოების სიტუაციის განხილვა საქართველოსა და საქართველოს გარშემო, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის განვითარება, საქართველოს წვლილი NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში, და საზღვაო უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში. შეხვედრაზე, ადმირალ ბაუერმა ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას, „NATO და საქართველო თითქმის 30 წელია, პარტნიორები არიან, და ამ დროის განმავლობაში დამყარდა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, რამაც გაამყარა და გააუმჯობესა ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ბაუერმა. ბაუერი ასევე მიესალმა საქართველოს განზრახვას, გაზარდოს მისი მონაწილეობა NATO-ს რეაგირების ძალებში. ამასთან, ალიანსის ცნობით, NATO-ს სამხედრო წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში და მის გარშემო არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში. "რუსეთისგან მომდინარე მუდმივი საფრთხე, რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს პარტნიორებს, NATO-სთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, მადრიდის სამიტზე, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, გააძლიერონ თავიანთი გამძლეობა და შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად“, - განაცხადა ადმირალმა ბაუერმა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომზე, პუტინის მიზნებსა და „წითელ ხაზზე“
უკრაინის მიმართ რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის კვალდაკვალ, NATO-ს წევრი ქვეყნები მშვიდობიან პერიოდში „ომის ეკონომიკაზე“ უნდა გადავიდნენ. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ბაუერმა მოუწოდა ალიანსის წევრებს, გაზარდონ ინდუსტრიული წარმოება, რათა დააკმაყოფილონ იარაღის და სხვა სამხედრო აღჭურვილობის საჭიროებები. მისი თქმით, უნდა გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმოება და ამ თემაზე უკვე უფრო და უფრო მეტი მოლაპარაკება მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე. ოფიციალური პირის განმარტებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკა ფუნქციონირებს პრინციპით - „ახლა და მერე“, მაგრამ ომთან დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა მატერიალურმა და ტექნიკურმა ზარალმა გამოავლინა, თუ რამდენად სუსტია ეს მიდგომა. ორივე მხარე ხარჯავს უამრავ საბრძოლო მასალას, საბრძოლო ტანკებსა და თვითმფრინავებს. ორივე მხარეს ესაჭიროება ბევრი ნედლეული და საბრძოლო მასალა, რათა გააგრძელოს ბრძოლა. რობ ბაუერმა ინტერვიუს დროს ასევე უპასუხა შეკითხვას, მოიგებს თუ არა ომს უკრაინა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორივე მხარეს აქვს პრობლემები, მათ შორის ამუნიციისა და გადაღლილობის კუთხით, მაგრამ უკრაინას აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ მათ იციან რისთვის იბრძვიან. რობ ბაუერის თქმით, რუსებმა არ იციან, რისთვის იბრძვიან. „ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორც NATO ისე მთლიანად მსოფლიო“, - აღნიშნავს რიბ ბაუერი. თუ ისინი (რუსები მოიგებენ) ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი პრობლემა თავდაცვის მხრივ: რუსები იქნებიან ჩვენს საზღვრებთან. ესკალაციის შემთხვევაში, არის თუ არა NATO მზად, მართოს სიტუაცია, რობ ბაუერმა უპასუხა, რომ პირველი ესკალაცია იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბაინი ომის დაწყება. „ეს არ არის ესკალაცია. თუ მტერს უკეთესი იარაღი აქვს, ეს მტრის ბრალი არ არის. ეს შენი პრობლემაა. ამდენად, ისინი თუ შეწყვეტენ ომს დღეს, ესკალაცია აღარ იქნება“, - ამბობს NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. არის თუ არა NATO რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისთვის, რობ ბაუერმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა. მისი განმარტებით, ალიანსის პოზიციებს მოსკოვი კარგად ხედავს და თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ NATO-ს მიუახლოვდეს, ალიანსის საზღვრებს ამისთვის მზადაა. „ეს წითელი ხაზია“, - აღნიშნა რობ ბაუერმა. ბაუერის თქმი, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად. ინტერვიუს თემა იყო ჩინეთიც. რობ ბაუერის თქმით, ჩინეთი შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდება, ის ფიქრობდა, რომ რუსეთი სწრაფად მოიპოვებდა გამარჯვებას უკრაინაში. „ვფიქრობ, ისინი გაკვირვებულები არიან, რომ ასე არ მოხდა. მათ არ სურთ რუსეთის წაგება, თუმცა იარაღით არ უჭერენ მხარს და ესაა განსხვავება“, - აღნიშნა რობ ბაუერმა. მისივე განმარტებით, ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციების შედეგებსაც აკვირდება. „მე არ ველი, რომ ჩინეთი ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე იფიქრებს. ყველა ქვეყანა აკვირდება ამ კონფლიქტს და გაკვეთილის სწავლას ცდილობს. ეს (ომი) გამოსაფხიზლებელი რამ იყო, რადგან გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ ევროპაში ომი აღარ იქნებოდა“, - განაცხადა რობ ბაუერმა.
გოლიათმა დაკარგა იმპულსი, რადგან დავითმა აჩვენა გამორჩეული გამძლეობა და ბრწყინვალე ტაქტიკა - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე
უკრაინის ბრძოლის ველზე რთული ოპერატიული სიტუაციის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ვერ შეუერთდება ოთხშაბათს, NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ალიანსის თავდაცვის მეთაურთა შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მან ვალერი ზალუჟნისგან მიიღო შეტყობინება, რომ ვიდეოკონფერენციის საშუალებითაც ვერ ჩაერთვებოდა კომიტეტს. „დღევანდელი დისკუსია თავდაპირველად ფოკუსირებული იქნება რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი 15 თვეა აწარმოებს ომს, როცა თავისი მიზნების მიღწევას სამ დღეში გეგმავდა. „გოლიათი“ შეფერხდა, რადგან დავითმა გამოავლინა გამორჩეული გამძლეობა და ტაქტიკური ბრწყინვალება, მსოფლიოს 50 ქვეყნის მხარდაჭერით“, - განაცხადა ადმირალმა. მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო კომიტეტის წევრები მოისმენენ NATO-ში უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ სერხი სალკუტსანის პრეზენტაციას. ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ ალიანსი კოლექტიური თავდაცვის ახალ ეპოქაში შედის. „ჩვენ ერთობლივად ვიცავთ არამხოლოდ ჩვენი მილიარდი ადამიანისა და 31 ერის ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ, დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის, ყველასთვის ძვირფასია. ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ამდენ შეიარაღებულ ძალებთან, ამდენი განსხვავებული შესაძლებლობებითა და კულტურებით, მართლაც უნიკალურია მსოფლიოში“, - განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. NATO-ს სამხედრო კომიტეტი არის ალიანსის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანო, რომელიც მოკავშირეთა კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად, NATO-ს ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების თავდაცვისა და განვითარების საჭიროებებს.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საბრძოლო თვითმფრინავების გარეშეც კი, უკრაინას აქვს უპირატესობა რუსეთთან
უკრაინა არ მიიღებს თანამედროვე დასავლურ გამანადგურებლებს, ვიდრე მისი კონტრშეტევა არ დასრულდება, განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეიტენანტმა რობ ბაუერმა ბრიტანულ რადიოსადგურ LBC-თან 4 ივლისს. ბაუერის თქმით, მებრძოლების შესახებ დისკუსია მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ეს არ გადაწყდება მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კონტრშეტევისთვის. რობ ბაუერმა აღნიშნა, რომ საბრძოლო თვითმფრინავების გარეშეც კი, უკრაინას აქვს უპირატესობა რუსეთთან, წვრთნების, მორალის, მოტივაციისა და დასავლური შეიარაღების თვალსაზრისით. ადმირალის თქმით, უკრაინას შეუძლია რუსული თავდაცვითი ძალების უკუგდება, მაგრამ „ამას დრო დასჭირდება“. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი ტერიტორიის აღების შემდეგ, უკრაინულ ძალებს მოუწევთ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადალაგება ახლად მოპოვებული ტერიტორიის დასაცავად. ცნობისთვის, „მოიერიშეების კოალიციის“ წევრმა რამდენიმე ქვეყანამ პირობა დადო, რომ კიევს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებითა და აუცილებელი წვრთნებით უზრუნველყოფდა. ამ ქვეყნებში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, დანია, შვედეთი, ბელგია, პორტუგალია, საფრანგეთი და აშშ.
რუსეთის ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ, მთელი რუსეთი განიცდის ეკონომიკური სანქციების და დიპლომატიური იზოლაციის შედეგებს. განაცხადა ბაუერმა ოსლოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ რომ ბრძოლის ველსა და ეკონომიკაში არსებული პრობლემები რუსეთს კიდევ უფრო უბიძგებს, „არასანდო აქტორებს“ დაეყრდნოს. მან არ დაასახელა, რომელი კონკრეტული გლობალური აქტორები ჰქონდა მხედველობაში. ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გამო, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება „არასანდო აქტორებზე.“ თუმცა აღსანიშანავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. აშშ-ის მთავრობამ ჩრდილოეთ კორეა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გააფრთხილა. ივლისში რობ ბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო და ალიანსს აქვს დრო, კოლექტიური უსაფრთხოება განავითაროს, ვიდრე მოსკოვი ძალას აღიდგენს.
რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული „არასაიმედო აქტორებზე“ - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველსა და ეკონომიკაში არსებული პრობლემები რუსეთს კიდევ უფრო უბიძგებს, „არასანდო აქტორებს“ დაეყრდნოს. ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გამო, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება „არასანდო აქტორებზე.“ „რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ, მთელი რუსეთი განიცდის ეკონომიკური სანქციების და დიპლომატიური იზოლაციის შედეგებს,“ განაცხადა ბაუერმა ოსლოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე. მან არ დაასახელა, რომელი კონკრეტული გლობალური აქტორები ჰქონდა მხედველობაში. თუმცა აღსანიშანავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. აშშ-ის მთავრობამ ჩრდილოეთ კორეა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გააფრთხილა. ივლისში რობ ბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო და ალიანსს აქვს დრო, კოლექტიური უსაფრთხოება განავითაროს, ვიდრე მოსკოვი ძალას აღიდგენს.
NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ
„ჩვენს ახლო პარტნიორ ისრაელთან მუშაობა უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და ინოვაციური სამხედრო შესაძლებლობების მოსაძიებლად, ორივეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა ისრაელში ვიზიტისას გააკეთა. „NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ აღვნიშნავთ ახალ საწყისს ჩვენს პარტნიორობაში ჩვენი განახლებული და გაძლიერებული პარტნიორობისკენ,“ - აღნიშნა ბაუერმა. NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. „NATO და ისრაელი თითქმის 30 წელია ერთად მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება და ტექნოლოგია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო მზადყოფნა, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძილა და ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა გაიზარდა. ამ კუთხით, ისრაელისთვის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის ახალი პროგრამა იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ისრაელის სტრატეგია ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის, რაც განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,“ - წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 28 სექტემბერს, ადმირალი ბაუერი ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მიიღო. მანამდე ბაუერს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ჰერცი ჰალევი, ჰაკირიას ბაზაზე მიესალმა. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი მდებარეობს. ბაუერმა ისრაელში ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისრაელის მოწინავე შესაძლებლობები NATO-სთვის და რომ პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თავსებადობაზე მუშაობის კომბინაცია ურთიერთობაში გადამწყვეტი კომპონენტია. თვის მხრივ, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ასევე განაცხადა, რომ ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს.
ადმირალ ბაუერის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით NATO-ს სამხედრო გეგმა 4500 გვერდს აღწევს
NATO-მ რუსეთთან დაპირისპირებისთვის მზადება უკრაინის მასშტაბურ ომამდე, 2008 წელს დაიწყო. NATO მზადაა, დაუპირისპირდეს სულ უფრო აგრესიულ რუსეთს, განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა.„NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის თავიდანვე ემზადებოდა - უკრაინაში ომის დაწყებამდე, 14 წლით ადრე. ჩვენი სამხედრო გეგმები რუსეთთან დაკავშირებით, 4500 გვერდს აღწევს," - აღნიშნა ადმირალმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას. ბაუერმა ასევე ახსენა რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს და რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წელს: მისი თქმით, NATO-სა და რუსეთს შორის პარტნიორობა 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა." „ფაქტობრივად, 2008 წლიდან სამხედროებმა დაიწყეს მუშაობა კოლექტიური თავდაცვის პრინციპებთან მიმართებით. ეს აუცილებელი იყო რუსეთის ქცევის შედეგად, რომელიც NATO-ს პარტნიორი იყო 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ იყო საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014-სა და 2022 წლებში. NATO-ში ყველაზე დიდი ცვლილება იყო მზადება [დაპირისპირებისთვის] სულ უფრო აგრესიულ მტერთან,“ - განაცხადა ბაუერმა. მისი თქმით, NATO-მ სამხედრო სტრატეგიის შეცვლა 2019 წელს დაიწყო, რამაც ბიძგი მისცა დეტალური სამხედრო გეგმების შექმნას, რომელიც დამტკიცდა ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტზე ივლისში, ვილნიუსში. მან გაიხსენა, რომ უკვე 2015-2016 წლებში ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის საბრძოლო ჯგუფი განათავსა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, ბრიგადებად სწრაფი გადაქცევისთვის. ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს მეხუთე ვიზიტით ეწვია
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში რეგიონის უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბრის ძირითად თემას ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტურად განხორციელებასა და მიმდინარე პროცესში მოკავშირეების აქტიური ჩართულობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. აღინიშნა საერთაშორისო სწავლებების საქართველოში ჩატარებისა და ერთობლივ წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნობიან და სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომას გამართავენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: ჩვენი ვიზიტი მკაფიო სიგნალს აგზავნის, მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთობლივ სხდომაზე ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ალიანსთან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზე. ქართულმა მხარემ NATO-ს სამხედრო კომიტეტის წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და მიღწეულ პროგრესზე. თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ის რომ, სამხედრო კომიტეტი საქართველოში მეხუთედ იმყოფება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში ბოლოს 2021 წელს იმყოფებოდა, ბოლო შეხვედრა კი, მაისში ალაინსის შტაბ-ბინაში შედგა, ახლანდელი ვიზიტის მიზნები NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განმარტა და თბილისში ჩამოსვლასა და აქ შეხვედრის გამართვაზე გაამახვილა ყურადღება, რაც NATO-ს უფროსი სამხედრო ოფიცრის შეფასებით, მკაფიო სიგნალს აგზავნის: „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“ რაც შეეხება სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებს, ბაუერის თქმით, ისაუბრეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ უსაფრთხოების გარემოზე - შეხვედრის ფოკუსში მოექცა შავი ზღვის რეგიონი. „მოვისმინეთ თავდაცვის რეფორმებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისკუთხით მიღწეული პროგრესი. განვიხილეთ NATO-ს თანამშრომლობა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის 33-ე თავმჯდომარემ. სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ალიანსთან ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს NATO-სთან თავსებადობა: “ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი ვავლებთ,“ აღნიშნა მინისტრმა. „როგორც იცით, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, მათ შორის ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ამ სასტიკი ომების შედეგად კი, საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. როგორც ადმირალმა აღნიშნა, დიახ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვიყავით ავღანეთში, სადაც ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ იქ დიდი დანაკარგი განვიცადეთ, დაგვეღუპა 32 სამხედრო მოსამსახურე, გვყავს ასობით დაჭრილი და დაშავებული სამხედრო, მაგრამ კარგად გვესმის, რა ფასი აქვს, იყო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და იყო ცივილიზაციის წევრი. როგორც აღვნიშნე, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, წელს ჩვენ 27 სწავლებას ვუმასპინძლეთ. მათ შორის 7 საერთაშორისო სწავლებას – დაწყებული NATO–საქართველოს სწავლებით მარტში, შემდეგ იყო „მტკიცე სული.“ ჩვენ ვაფასებთ, ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ერთად ყოფნას, ურთიერთთავსებადობას. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი ვავლებთ.“ რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას, რათა გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და შეკავების შესაძლებლობები. გავაგრძელებთ რეფორმებს, რათა გავზარდოთ თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და შეკავების შესაძლებლობები. მთავარი ისტორიული, ინსტიტუციური რეფორმაა თავდაცვის კოდექსის მიღება, რომლის პროექტიც ჩვენ წელს შევიტანეთ პარლამენტში განსახილველად და უკვე მივიღეთ, რომელიც მომავალში თავდაცვის სფეროში მთავარი ინსტიტუციური მარეგულირებელია,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში რობ ბაუერი თავდაცვის მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კომიტეტის წევრები „კრწანისშიც“ იმყოფებოდნენ, სადაც ისინი უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ. ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონი მოიცავს NATO-ს სამ წევრს. უკრაინა და საქართველო კი, ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. NATO კი, რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, შავი ზღვის თავზე დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით. ასევე გაეცანით ინფორმაციას: NATO-საქართველოს ურთიერთობები გაეცანით ინტერვიუს ალექსანდრ ვინიკოვთან: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: NATO-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია სჭირდება
დღეს, 2024 წლის 17 იანვარს, NATO-ს უმაღლესი სამხედრო ორგანო, სამხედრო კომიტეტი, ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მეთაურთა ფორმატში შეიკრიბა. შეხვედრის მთავარი თემაა NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებაა, თავდაცვის ახალი გეგმების მაქსიმალური შესრულების გზით. ღონისძიების გახსნისას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ ვხვდებით ყველაზე საშიშ სამყაროს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. NATO კოლექტიური თავდაცვის ახალ ეპოქაში შევიდა. „თავდაცვის ახალი გეგმების განხილვისას, ადმირალმა ბაუერმა განაცხადა: „ეს არის ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმები, რომლებიც NATO-ს ჰქონდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. NATO-სა და ეროვნული თავდაცვის გეგმები ასე მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული არასოდეს ყოფილა,“ აღნიშნავს ბაუერი და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აყალიბებს თავდაცვის ახალი გეგმები მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა აქტიურად მუშაობენ თავდაცვის ახალი გეგმების მაქსიმალური შესრულებისთვის. სამხედრო თვალსაზრისით, ამისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი. სიტყვის დასასრულს ადმირალმა ბაუერმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მისი შეფასებით, უფრო საშიშ სამყაროში მჭიდრო თანამშრომლობა და გაზრდილი თავსებადობა უმნიშვნელოვანესია.„არსებობს მზარდი საჭიროება, რომ მოვემზადოთ მოულოდნელობისთვის და შევხედოთ გამოწვევებს ყველა საფრთხის გათვალისწინებით: „ამისთვის პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობა არის საკვანძო“, ხაზგასმით აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა. NATO-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია სჭირდება. „ბატონი მირჩა ჯოანას სიტყვა (მან ასევე მიმართა დამსწრეებს, რედ,) საუკეთესოდ აჯამებს ძველი გამონათქვამს: თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის. ჩვენი მზადყოფნისა და შეკავების მაქსიმალური გაზრდა ხელს უწყობს კონფლიქტის წარმოშობის ალბათობის მინიმუმამდე შემცირებას. ჩვენი წმინდა ამოცანაა, გავააქტიუროთ ჩვენი კარგად აღჭურვილი ძალები და მხარი დავუჭიროთ მათ, რადგან ისინი იცავენ ჩვენს დიდ ალიანსს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ მათი სამსახური და თავგანწირვა... რადგან ისინი იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს და კანონის უზენაესობას, რომლებიც ქმნიან ჩვენს საზოგადოებებს. 3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე კაცი და ქალი ერთად იცავს NATO-ს თავდაცვით ფარს,“ - დაამატა ბაუერმა. ადმირალი ბაუერი: უკრაინას ექნება ჩვენი მხარდაჭერა, რადგან ამ ომის შედეგი მსოფლიოს ბედს განსაზღვრავს
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის მზად უნდა ვიყოთ
რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. ბაუერის ციტატას ამჯერად Sky News-ი ავრცელებს. „უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ და ეს მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის, თუ თავს დაესხმებიან NATO-ს წევრ ქვეყანას. ჩვენ არ ვეძებთ რაიმე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ – აღნიშნავს ბაუერი. ადმირალმა ბაუერმა ხაზი გაუსვა, რომ შვედეთის მოქმედება სწორი იყო, როდესაც მოუწოდა მოსახლეობას, მოემზადონ ომისთვის ამ თვის დასაწყისში. „უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი როგორც წესი ისე არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ჩვენ არ ვცდილობთ რაიმე კონფლიქტს, მაგრამ თუ ისინი თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,“ - აღნიშნა ბაუერმა. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებს NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ბაუერი: 2024 წელს ზედმეტად პესიმისტები არ უნდა ვიყოთ
ადმირალმა რობ ბაუერმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ დასავლეთი "ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი 2023 წლის ომის მიმართ.“ ადმირალის თქმით, დასავლეთს სჯეროდა, რომ „თუ უკრაინელებს მისცემდნენ საჭირო საბრძოლო მასალას და წვრთნებით უზრუნველყოფდნენ, ისინი გაიმარჯვებენ“. „ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ 2024 წელს ზედმეტად პესიმისტები არ ვიყოთ.” აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინა ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა და რომ უკრაინელებმა უკან დაიბრუნეს 50 პროცენტი, რაც რუსებმა წაიღეს 2022 წელს,“ - აღნიშნა ბაუერმა. როგორც Financial Times-ი წერს, თორმეტი თვის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დელეგატებმა ოპტიმიზმი გამოთქვეს უკრაინის პერსპექტივების შესახებ, რადგან დასავლეთმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა კიევს რუსეთთან ომში "რამდენი ხანიც უკრაინას დასჭირდებოდა." წელს, ეს ოპტიმიზმი ჩრდილქვეშ მოექცა. WP: ევროკავშირი ამზადებს სარეზერვო გეგმას, თუ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ტრამპი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კიევს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია
NATO-ს უმაღლესი სამხედრო ლიდერი კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ. „NATO-ს პირველი სამხედრო დელეგაცია ეწვია უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ვიზიტი იმის დასტურია, რომ NATO და უკრაინა უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე ყოფილან,“ - აღნიშნა ბაუერმა. მან აღნიშნა, რომ ვიზიტი საშუალებას აძლევს მას, გამოხატოს თავისი „ღრმა პატივისცემა“ უკრაინელების სიმამაცისა და სიძლიერის მიმართ, რაც მათ გამოავლინეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე მის გარეთ. „ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა ჩვენი ალიანსის წევრი გახდეს. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯი და ყვითელი დროშა NATO-ს შტაბ-ბინაში," - აღნიშნა ბაუერმა. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დასავლეთი „ზედმეტად ოპტიმისტურად“ იყო განწყობილი 2023 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობის მიმართ. ბაუერი: 2024 წელს ზედმეტად პესიმისტები არ უნდა ვიყოთ
ბაუერი კიევში: NATO მზადაა რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ალიანსი მზადაა რუსეთთან პოტენციური პირდაპირი კონფლიქტისთვის ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა კიევში ArmyInform-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა ალიანსი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ NATO-ში უსაფრთხოების ვითარების შეცვლა ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ესმოდა. 2019 წლიდან ალიანსის ქვეყნებმა დაიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნება: მათ შეცვალეს თავდაცვის სტრატეგია, ოპერატიული დაგეგმვა და ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო ძალები. „ახლა ჩვენ ყველას გვესმის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნების კონტექსტში, დრო არ არის ჩვენს მხარეს. იმიტომ, რომ მტერი წყვეტს, როდის და სად თავს დაესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. ეს (...) მზად ვართ? პასუხი: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - ვიყოთ მზად.“ აღნიშნა ბაუერმა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება, ყველაზე იმოქმედებს