ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე ხვდებიან.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ სააგენტოს განუცხადა, რომ პრეზიდენტები თავად გადაწყვეტენ, რამდენ ხანს გაგრძელდება საუბარი.

როგორც ცნობილია, ლიდერები განიხილავენ ჟენევაში, შვეიცარიაში, წინა შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხს, ავღანეთში, ირანში, ლიბიასა და სირიაში არსებულ სიტუაციებს, ასევე უკრაინის კრიზისს. რუსი ოფიციალური პირის თქმით, დღის წესრიგში შესაძლოა, იყოს ნავთობის ბაზარი, კლიმატის ცვლილება და COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა.

ასევე წაკითხეთ: პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება

გენერალი მარკ მილი: აშშ თვალყურს ადევნებს საკმარის შემაშფოთებელ ინდიკატორებს უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 2022 წლის პირველ კვირებში უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე ხანგრძლივად ისაუბრებს.

კითხვაზე, მოსკოვი მის საზღვრებთან NATO-ს ინფრასტრუქტურის შემდგომ დაახლოებას და უკრაინის ტერიტორიაზე ჰიპერხმოვანი შეიარაღების განთავსებას წითელ ხაზებად მიიჩნევს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის არავის წითელ ხაზებს არ აღიარებს.

„ჩვენ დიდი ხანია, ვიცით რუსეთის ქმედებების შესახებ და ჩემი მოლოდინი, რომ გვექნება ხანგრძლივი დისკუსია პუტინთან”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

ამასთან, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ NATO-ში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

„NATO-ს წევრები წყვეტენ, ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამას რუსეთი არ წყვეტს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, საიდან მოდის პროვოკაციული ქმედებები. ეს აშშ და უკრაინა არ არიან“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან

მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები შავ ზღვაში პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებენ.

ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია დაგეგმა

ბლინკენი ლავროვს: თუ უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

ამავე თემაზე

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ინიციატივათა ახალ პაკეტს განიხილავს