ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა შეთავაზება იმის შესახებ, რომ თავის რუს და უკრაინელ კოლეგებს დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად უმასპინძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს და რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ იტყობინება.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს. ერდოღანმა განუცხადა პუტინს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის, გრძელვადიან გადაწყვეტას გაუხსნის გზას.

მისივე თქმით, თურქეთი ინარჩუნებს თავის გულწრფელ მიდგომას, რომელიც ომის დაწყებიდანვე გამოიჩინა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არცერთ მხარეს არ მოუტანს სარგებელს. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიპლომატიას უნდა მიეცეს შანსი.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის დაკვირვებისა და ორივე მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტიანად ფუნქციონირების აუცილებლობას.


ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.


22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.


ასევე წაიკითხეთ

შოლცმა და მაკრონმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდეს

რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა