რუსული გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ შესაძლოა შვილობილ Gazprom Germania-ზე უარი თქვას. ამის შესახებ Spiegel წერს.
„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ Gazprom Germania GmbH-სა და მასთან კავშირში მყოფ Gazprom Marketing & Trading-სგან დისტანცირდება. ამ დროისთვის მეტი დეტალი არაა ცნობილი.
ამ დრომდე რუსული გაზის გიგანტი ამ კომპანიის ერთად-ერთი მფლობელი იყო. თავის მხრივ Gazprom Germania-ს აქვს შვილობილი კომპანიები შვეიცარიასა და ჩეხეთში.
ჯერ ცნობილი არაა, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება რუსეთიდან გერმანიაში გაზის ექსპორტზე.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt -მა 31 მარტს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი.
31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული.
23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.
31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.