აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი დიდი მომპოვებელი, ნორვეგია სიმძლავრეს ზრდის. მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოპოვება 6,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსების (NPD) სამმართველო ავრცელებს.
ნორვეგიულ გაზზე მოთხოვნა 2021 წლის შემოდგომიდან გაიზარდა, როცა ევროპაში ენერგოკრიზისის შედეგად გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ნორვეგია არაა ევროკავშირის წევრი, თუმცა რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაშია, ამიტომ ბოლო კვირებში მაქსიმალურად ცდილობს გაზის მიწოდება გაზარდოს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ ევროპაში გაზზე გაჩენილი მოთხოვნის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ განაცხადა. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია Equinor-ს ტროლში, ოზებერგსა და ჰეიდრუნისაბადოს საბადოებზე ნედლეულის მოპოვებისა და ექსპორტის უფლება მისცა. ამასთან, Equinor-ი გეგმავს თხევადი გაზის საწარმოს გაშვებას ჰამერფესტში, მას შემდეგ, რაც იქ 2020 წელს ხანძარი მოხდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.
გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა.
ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.
შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ