უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
„[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან მოლაპარაკების წინა დღეს მე ხაზგასმით აღვნიშნე მარიუპოლიდან, მათ შორის აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციისა და დატყვევებულების დაუყონებლივ გაცვლის აუცილებლობაზე.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაემუქრა რაიმე მოლაპარაკებიდან გასვლით, თუ რუსული ჯარები გაანადგურებდნენ ბოლო უკრაინელ დამცველებს, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში - მარიუპოლში მდებარე დიდ ინდუსტრიულ ზონაში არიან ჩარჩენილები.
თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან და ერდოღანმა მთავარი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაში. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების რაუნდი გასულ თვეს, სტამბოლში გაიმართა.
გაეროს გენერალური მდივანი ანტორნიო გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება. გუტერეში ორშაბათს ეწვევა თურქეთის დედაქალაქს, სადაც მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.