პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს

პოლონეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის საკუთარ MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს.

„მე მივიღე დადასტურება, რომ პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე იმ მომენტიდან, როდესაც სლოვაკეთი უკრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავის მიწოდებას გადაწყვეტს“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სლოვაკეთმა ამ თვის დასაწყისში დააფიქსირა პოზიცია, რომ განიხილავს თვითმფრინავების მიწოდებას, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ის შეძლებდა საკუთარი საჰაერო სივრცის ალტერნატიული თავდაცვის ორგანიზებას.

ცნობისთვის, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 29 აპრილს განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია.


2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.