"უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს.
„ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას
- დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას