უკრაინა: დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში, 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა

დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა - ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„3 მაისს რუსებმა დონეცკის ოლქში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 27 დაჭრეს. ეს არის ყველაზე მეტი მსხვერპლი ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს. დაღუპულთა შორის არის 10 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში, 5 ლიმანში, 4 ვუჰლედარში, 1 ველიკა ნოვოსილკაში და 1 შანდრიჰოლოვოში,“- წერს პავლო კირილენკო.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC