„აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“

„აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ  დაასახელა უკრაინის მხარის პირობები, რომლის თანახმადაც, „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი მეომრების ევაკუაცია განხორციელდა.

„მარიუპოლის დაცვის 86-ე დღეს, უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები“, - აღნიშნა პროკოპენკომ.

მისი თქმით, მოხერხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. „მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება - მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლით და გადაყვანით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხებათ დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს პატივით დაკრძალოს თავისი გმირები“, - განაცხადა პროკოპენკომ.

17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. 

აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.