ზელენსკი: არასაფრენი ზონის საკითხი ჩვენ არ გვავიწყდება

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცის დახურვის საკითხი უკრაინაში არ დავიწყებიათ.

„დიდი ხანია, ვიბრძვით არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად. შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს საკითხი დავიწყებას მიეცა. ვიღაცამ დაივიწყა - ჩვენ არ დაგვიწყებია. აქვს თუ არა დასავლეთს თავდაჯერებულობა? არ არსებობს ნდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს უკრაინის თავზე ცის დახურვის თხოვნით მიმართა.  

NATO-ს წევრი ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს.

14 მარტს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელითა გაეროს წევრ ქვეყნებს, მოუწოდა დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. 

17 მარტს ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც გაეროს ქვეყნებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.