ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი მიიღო, მიზანი კლაიპედას პორტიდან პროდუქტის შემდგომი გადაზიდვაა. ამის შესახებ სარკინიგზო კომპანია LTG-მ განაცხადა. რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინული პორტების ბლოკირების შემდეგ, დაახლოებით 25 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტირება ვერ ხერხდება, რაც საკვებზე ფასების ზრდას იწვევს.
„ჩვენ, უკრაინიდან დღეში თითო მატარებელს ველით, დაახლოებით, 1,500 ტონამდე მარცვლეულითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, რომლის ექსპორტის კლაიპედას პორტით საშაულებით მოხდება“, - განაცხადა LTG-ის სპიკერმა მანტას დუბაუსკასმა.
- უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.