„რუსეთი ახლა შანტაჟით არის დაკავებული და ამბობს, რომ განბლოკავს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მარშრუტებს, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის. საბოლოოდ, პრობლემა ისაა, რომ ვერ ენდობი რუსეთს, მაშინაც კი, თუ ისინი ხელს აწერენ უსაფრთხოდ გატარების გარანტიას", - ამ შეფასებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პორტებში დერეფნების გახსნის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ჩვენ თანავუგრძნობთ მსოფლიოში ყველას, ვინც რუსეთის ამ ბლოკადის მასიური შედეგებით დაზარალდება, მაგრამ მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, განურჩევლად მისი სტატუსისა და ქვეყნისა, რომელსაც წარმოადგენს: ვიდრე სანქციების მოხსნაზე ისაუბრებთ ბავშვების შიმშილისგან გადასარჩენად, დაე, უკრაინაში ჩავიდეს დაღუპული ბავშვების სანახავად. დაელაპარაკეთ მშობლებს, რომელთა შვილებიც რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს და გაჩუმდით“, - განაცხადა კულებამ.
მან დასძინა, რომ ირპენის, ბუჩასა და ბოროდიანკის ოკუპაციის შემდეგ, უცხოელი პარტნიორები შოკში ჩააგდო ადგილზე ნანახმა და გავლენა მოახდინა მათ პოზიციაზე, ვინც თავიდან უფრო თავშეკავებული იყო.
„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ნარატივს, რომ სურსათის კრიზისის თავიდან აცილების ერთადერთი გზა რუსეთზე სანქციების მოხსნაა. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ საპირისპირო - ის არის რუსეთი და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი გლობალურ სასურსათო კრიზისზე“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაიხსნება ორი საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი შავი და აზოვის ზღვების პორტებიდან უცხოური გემების გასასვლელად.
- ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ
- იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად
„შავ ზღვაში - ხერსონის, ნიკოლაევის, ჩერნომორსკის, ოჩაკოვის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან გასასვლელად გაიხსნება დერეფანი სამხრეთ-დასავლეთით უკრაინის ტერიტორიული ზღვიდან, 80 მილის სიგრძით და 3 მილის სიგანით. აზოვის ზღვაში გაიხსნება დერეფანი მარიუპოლის პორტიდან გასასვლელად 115 მილი სიგრძით და 2 მილის სიგანე შავი ზღვის მიმართულებით“, - განაცხადა მიზინცევმა.
- ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა
- პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას
მისი მტკიცებით, დასახელებულ ექვს პორტში დაბლოკილია 16 სახელმწიფოს 70 უცხოური გემი. „დაბომბვის საფრთხე და ოფიციალური კიევის მიერ შექმნილი ნაღმების მაღალი საშიშროება არ აძლევს გემებს უფლებას, შეუფერხებლად წავიდნენ ღია ზღვაში“.
- უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.