უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ბოსფორის სრუტის გავლით დერეფნის გახსნაზე, თურქეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუწყება Reuters-ი თურქეთის იფიციალურ პირზე დაყრდნობით.
- ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ
- იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად
„თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ასევე, უკრაინასთან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე. მას შემდეგ, რაც თურქეთიდან დერეფანი გაიხსნება, ამ მარცვლეულზე მოთხოვნა სამიზნე ბაზრებზე შესაღწევად გაჩნდება. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ მოლაპარაკებები კონფიდენციალურია.
- უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.