AP: დასავლეთმა რუს ოლიგარქებს უკრაინის აღდგენის დაფინანსების სანაცვლოდ, შესაძლოა, სანქციები მოუხსნას

კანადის ფინანსთა მინისტრი, ხრისტია ფრილანდი რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოვიდა. სანაცვლოდ, სანქცირებულმა რუსმა მილიარდერებმა უკრაინის აღდგენა უნდა დააფინანსონ. ამის შესახებ Associated Press-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ხრისტია ფრილანდმა ეს საკითხი გასულ კვირას G7 -ის ფინანსთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა. თუმცა მანამდე ეს თემა, რუს ოლიგარქებთან განიხილა. ზოგიერთ მათგანს ფრილანდი იმ პერიოდიდან იცნობს, როცა ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და გამოცემა Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა.

სააგენტო წერს, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა იცოდნენ ამ საკითხის განხილვის შესახებ. ამასთან დასავლეთი დაინტერესებულია, რომ რუსი ოლიგარქები პრეზიდენტ პუტინის „დაშორდნენ“ და ამავდროულად უკრაინის აღდგენა დააფინანსონ.

სააგენტოს წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ წინადადებაა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც AP წერს, ეს ვარიანტი, შესაძლოა დაეხმაროს იურიდიული დაბრკოლებების მოხსნაში იმ ქვეყნების ხელისუფლებებს (მაგალითად, გერმანია), სადაც გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა ძალიან რთულია.

„თუ რუსი ბიზნესმენები ნებაყოფლობით დათმობენ თავიანთი ქონების ნაწილს საზღვარგარეთ, ეს გაამარტივებს ამოცანას“, - მიიჩნევენ სააგენტოს თანამოსაუბრეები.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ამ დრომდე სანქციების ქვეშ მოექცა რუსული ბიზნესის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებმა, რუს ოლიგარქებს თითქმის 10 მილიარდი ევროს მოცულობის აქტივები გაუყინეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

უსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.