რუსეთმა ხორვატიის ხუთი დიპლომატი გააძევა

რუსეთის ხელისუფლებამ, მოსკოვში ხორვატიის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ერთი დღით ადრე რუსეთმა დაადანაშაულა ხორვატია ორმხრივ ურთიერთობებში მტრულ და დესტრუქციულ მიდგომაში, რაც ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს.

აპრილში ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს, მათ შორის 18 დიპლომატს, უკრაინის წინააღმდეგ „სასტიკი აგრესიის“ გამო ქვეყანა დაატოვებინა.


რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.