რეზნიკოვი: ომის ცხელი ფაზა ისევ გრძელდება, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უკრაინის სამხრეთით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, რუსი ოკუპანტების განადგურებული ტექნიკის გამოფენაზე ყოფნისას განაცხადა.

"ნაადრევია დასვენება, შეუერთდე მათ პარტიას, ვინც დაასრულა ომი. ომი გრძელდება და ახლა რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და სამხრეთ უკრაინაში. ორკების დამარცხების კამპანია ჯერ არ დასრულებულა. ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მსოფლიოს ე.წ. მეორე არმია უნდა განადგურდეს".- თქვა რეზნიკოვმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.