უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინისა და მისი გუნდის რეჟიმის შეცვლა რუსეთში ჯერ კიდევ შეუძლებელია. ვოლოდიმირ ზელენსკის ამ კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენკის პუტინის რეჟიმის ახლა ცვლილებაში ეჭვი ეპარება. ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველ ელიტაში არავინ აპირებს, განუდგეს პუტინს.
„ვფიქრობ, რომ მთელი ეს გუნდი [რუსეთის ხელისუფლება] მრავალი წელია, მუშაობს, ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, ბევრი რამით, ბევრი ნაბიჯით, ბევრი დანაშაული აკავშირებთ. ყოველ შემთხვევაში, მათ ჩვენი საწინააღმდეგო ქმედებები აერთიანებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები დანაშაულია. მე ეჭვი მეპარება პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა. ვფიქრობ, რომ მათ პუტინის ეშინიათ, - განაცხადა ზელენსკიმ ჰოლანდიურ მედია Nieuwsuur-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.