ავსტრიის კანცლერი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება

უკრაინული მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში ბუნებრივ აირზე ემბარგო არ შევა.

„გუშინ ნათელი გახდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოს თემა არ იქნება. ამის შესახებ ოლაფ შოლცმაც ნათლად განაცხადა. გაზი ძალიან განსხვავდება ნავთობისგან, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება. რუსული ნავთობის კომპენსაცია ბევრად ადვილია. გაზი სულ სხვა თემაა, ამიტომ გაზის ემბარგო არ იქნება სანქციების შემდეგ პაკეტში“, – განაცხადა ნეჰამერმა.


Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება. 


როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. 

შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.