ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბულგარეთი 2024 წლამდე ევროკავშირის ემბარგოს რუსულ ნავთობზე არ შეუერთდება.
„გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება“, - თქვა პეტკოვმა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანას რუსული ნავთობის ალტერნატივის მოსაძიებლად და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადასაკეთებლად დამატებით დროს მისცემს. ასევე, პეტკოვი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტს მიესალმება და დასძენს, რომ გამკაცრებული სანქციები რუსეთში ფინანსური ნაკადების შეჩერებას გამოიწვევს.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.
Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება.
როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.
შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
- გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა
- გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.