WSJ-ს ცნობით, OPEC-ის ზოგიერთი წევრი ნავთობის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების იდეას ემხრობა.
რუსეთი არ არის OPEC-ის წევრი, მაგრამ 2016 წლიდან კოორდინაციას უწევს ნავთობის მოპოვებას ჯგუფთან ერთად, რომელიც არის OPEC-OPEC+ კოალიციის ნაწილი და ნავთობის გლობალური მოპოვების ნახევარზე მეტს აკონტროლებს, რაც აძლიერებს მოსკოვის გავლენას ნავთობის ბაზარზე. წევრებს შორის პაქტს ეწოდება თანამშრომლობის დეკლარაცია, ან DoC.
WSJ-ის ცნობით, სანქციები ძირს უთხრის მოსკოვის უნარს, რომ აწარმოოს მეტი ნავთობი.
OPEC-ის დელეგატმა განუცხადა WSJ-ს, რომ „ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ტექნიკურად რუსეთი ამჟამად ვერ მიიღებს ეფექტურ მონაწილეობას DoC-ში. OPEC-ის დელეგატებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს საუბარი რუსეთის გარიცხვაზე მანამდე, ვიდრე ევროკავშირი დათანხმდებოდა რუსული ნავთობის შესყიდვის ნაწილობრივ აკრძალვას.
გამოცემა წერს, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა ნაწილობრივმა ემბარგომ შესაძლოა გზა გაუხსნას საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და OPEC-ის სხვა მწარმოებლებს, რათა გაცილებით მეტი ნავთობი აწარმოონ, რადგან რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ნავთობის ფასი ბარელზე $ 100-ზე მაღლა ასწია. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის სამ უმსხვილეს მწარმოებელს შორისაა, გასულ წელს შეთანხმდა OPEC-თან და OPEC-ის არაწევრ ცხრა ქვეყანასთან ნავთობის მოპოვების ყოველთვიურად გაზრდაზე. მოსალოდნელია, რომ წარმოება წელს დაახლოებით 8%-ით შემცირდება.
როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.
შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
- გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა
- გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.