სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ 31 მაისს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადასცემს. 

ჩაპუტოვამ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი იზრუნებს უკრაინელებზე, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო იძულებით დატოვეს.

„ვიცით, რომ ჩვენი პაკეტები მედიკამენტებითა და საკვებით არ განდევნის თქვენი ქვეყნიდან ოკუპანტებს. თქვენს დამცველებს სჭირდებათ სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით დახმარებას. მანამდე ეს იყო S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, განაღმვსთვის საჭირო ტექნიკა და საბრძოლო მასალა. მალე ეს იქნება „ზუზანას“ ჰაუბიცები. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომ უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო დახმარებაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.