ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალ დახმარებას გამოუყოფს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის $700 მილიონის გადაცემის ნებართვა გასცა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ
- CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს
„პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ახალ დახმარების პაკეტს. კერძოდ, ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინა აღიჭურვება დამატებითი შესაძლებლობებითა და მოწინავე იარაღით. ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინელებს სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან რუსული აგრესიისგან. ეს მოიცავს უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს დაარტყან საკვანძო სამიზნეებს, ბრძოლის ველზე უფრო დიდი მანძილიდან“, - თქვა ენტონი ბლინკენმა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
- კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად
- ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times
CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს. შეიარაღება უკრაინას უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში გადაეცემა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს.
30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე. ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს.
მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება.
საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.