თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა

თურქულმა კომპანიამ ლიეტუვას აჩუქა დრონი, რომელიც ვილნიუსს მოქალაქეების შეგროვილი ფულით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უნდა შეესყიდა. ამის შესახებ უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ის მწარმოებელმა კომპანიამ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა.

„ლიეტუველმა ხალხმა, უკრაინისთვის Bayraktar TB2 -ის საყიდლად თანხა ღირსეულად შეაგროვა. ამის გაგების შემდეგ, Baykar-ი Bayraktar TB2-ს ლიეტუვას უსასყიდლოდ ვაჩუქებთ და გთხოვთ, რომ ეს თანხები უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯოს“, – წერს დრონების მწარმოებელი კომპანია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.