უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების თითოეული პაკეტი ბრძოლის ველზე სიტუაციის მიხედვით განისაზღვრება - ბრიჯიტ ბრინკი

შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების დახმარების თითოეულ პაკეტს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით განსაზღვრავს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებს კიევში ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ განუცხადა.

ბრინკმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად კოორდინაციას უწევს უკრაინის საერთაშორისო სამხედრო დახმარებას.

„გვჯერა, რომ ეს დახმარება სწრაფად უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ თავიდან იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ახლა ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა ელჩმა.


აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.

უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.