აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განმარტა, რას მოიცავს უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების ახალი, $700 მილიონიანი პაკეტი. მისი თქმით, უახლესი პაკეტი, სავარაუდოდ, ბოლო არ იქნება, რომლის ფარლებშიც უკრაინა დახმარებას მიიღებს. უფრო კონკრეტულად კიევი მიიღებს:
ოთხი მაღალი მობილობის საარტილერიო მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა M142 (HIMARS). HIMARS-ის ოთხი სისტემის გარდა, პაკეტი მოიცავს არტილერიის საწინააღმდეგო 5 სარადარო სისტემას; საჰაერო მეთვალყურეობის ორ რადარს; 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და 50 გამშვებ დანადგარს; 6000 ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო იარაღს; ასევე, 15 000 საარტილერიო ჭურვს; მი-17 ტიპის ოთხ ვერტმფრენს; 15 ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას, დამატებით სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას.
- ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა
- ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან და გავზრდით დამატებით ხელმისაწვდომ სისტემებსა და შესაძლებლობებს მისი თავდაცვის მხარდასაჭერად”, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
„ეს, რა თქმა უნდა, ის სისტემებია, რომლის გამოსაყენებლადაც უკრაინელებს დასჭირდებათ წვრთნის გავლა. ვფიქრობთ, რომ ამას დაახლოებით, სამი კვირა დასჭირდება. მათ უნდა იცოდნენ არამხოლოდ, როგორ გამოიყენონ სისტემები, არამედ, რა თქმა უნდა, როგორ შეინარჩუნონ სისტემა“, - აღნიშნა კოლინ კალმა.
საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ახლახან კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დამატებით, 40 მილიარდ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის.
„ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, შემოგვიერთდნენ, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მძიმე იარაღით, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი დახმარებით“, - დაამატა კოლინ კალმა.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.
უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.