უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების ახალი დახმარებისთვის, მათ შორის თანამედროვე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის მადლობა გადაუხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს დახმარება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და უკრაინის ტერიტორიის დაცვას უზრენველყოფს.
„შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები იგზავნება ჩვენს ქვეყანაში. ეს იარაღი ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენასა და ჩვენი მიწის დაცვაში. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, შეერთებული შტატების და ყველა ჩვენი ამერიკელი მეგობრისა და ხალხის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები იგერიებენ რუსეთის თავდასხმას დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო. მისივე ცნობით, უკრაინის ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გაგრძელდა. კიევის ცნობით, რუსული არმია მთელ თავის შესაძლებლობებს იყენებს.
ცნობილია, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.
უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.