უკრაინის ელჩის განცხადებით, თურქეთი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს. ელჩმა ვასილ ბოდნარმა აღნიშნა, რომ კიევი თურქეთთან და ინტერპოლთან თანამშრომლობს, რათა დადგინდეს, ვინ არის ჩართული მარცვლეულის გადაზიდვაში, რომელიც თურქეთის მიერ კონტროლირებად წყლებში გადის.
ანკარაში უკრაინის საელჩომ მოგვიანებით განაცხადა, რომ შემდეგი გემები მონაწილეობდნენ მოპარული მარცვლეულის გადაზიდვაში: Nadezhda, Finikia, Sormivskiy, Vera, Mikhail Nenashev.
თურქეთის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.
თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.
მანამდე მარცვლეულის დერეფნის საკითხი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდნტებს შორის სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინის პორტებიდან თურქ პარტნიორებთან კოორდინირებულად, საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს, [მათ შორის მარცვლეულს] ხელი შეუწყოს.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ დაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.