ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიასთან განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ დამცირდეს რუსეთი, რათა უკრაინაში ბრძოლების შეწყვეტის შემდეგ დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს.

„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავლის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს". - თქვა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საუბრისას უთხრა, რომ იგი "ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე".

ომის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთი უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო გზით ეხმარება, თუმცა ამ დრომდე, პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში არ ჩასულა. მაკრონის თქმით, იგი კიევში ვიზიტს არ გამორიცხავს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.