ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებით და საბრძოლო ტანკებით (ლეოპარდი) უზრუნველყოფს. იუწყება El Pais სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. ესპანეთი უკრაინელ სამხედროებს ტექნიკის ათვისების მიზნით, აუცილებელ სწავლებასაც ჩაუტარებს. სწავლება ჩატარდება ლატვიაში, სადაც ესპანეთის არმიამ NATO-ს გაძლიერებული ყოფნის ოპერაციის ფარგლებში 500 ჯარისკაცი განალაგა.
El Pais-ის წყაროების თანახმად, ტრენინგის მეორე ეტაპი შეიძლება, ესპანეთში ჩატარდეს. ესპანეთი უკრაინას ამ დრომდე საბრძოლო მასალას, ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობას და მსუბუქ იარაღს აწვდიდა. წყაროებმა ესპანურ გამოცემას განუცხადეს, რომ გაზრდილი მხარდაჭერის შეთავაზების საკითხი წამოიწია მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი 21 აპრილს უკრაინას ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მაგრამ პროცესი ოპერაციის სირთულის გამო გადაიდო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.