2500-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ფოლადის საწარმოდან, ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია, თუმცა ეს არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც აზოვსტალი დატოვეს.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების გათავისუფლების საკითხს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო კურირებდა და აღნიშნა, რომ ის მზად არ არის დეტალებზე სასაუბროდ.
მისი თქმით, რუსები არ აწამებენ აზოვსტალელ უკრაინელ დამცველებს. „მათთვის ეს არ არის ხელსაყრელი გარემოება, რადგან „ჩვენი მებრძოლები უკვე გახდნენ საზოგადო მოღვაწეები“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინელი მედიის ცნობით, სამხედროები მარიუპოლს 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ. რუსი დამპყრობლების მიერ დაბლოკილი აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი დამცველების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.