ბორის ჯონსონი: ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ არ უნდა უბიძგონ

"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ უნდა უბიძგონ რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდამჭერთა შორის წინა ხაზზეა. მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შედეგი, რომლის მიხედვითაც პუტინის გაუმართლებელი აგრესია მისთვის სასურველი სცენარით დასრულდება", - განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია უკრაინას ომის არასახარბიელო შედეგით დასრულებისკენ უბიძგებენ.

„არანაირ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები ამჟამად ნულის დონეზეა. ყველას ძალიან სურს ცოტათი გვიბიძგოს ისეთი შედეგისკენ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასურველი. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს უნდათ შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება შედეგი ჩვენთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.