NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
- ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ
- მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა
- კულება: რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ
„უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ გაჩერდება. ის განაგრძობს თავის ქმედებებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ზეწოლას მოახდენს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ და მათ აქვთ ბრძოლის ნება. ჩვენი ვალია მივცეთ მათ ბრძოლის საშუალებები“, - განაცხადა რასმუსენმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პუტინს სახის შესანარჩუნებლად მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. „ჩვენ ვერ გადავარჩენთ პუტინს დამცირებისგან. ბატონი პუტინისთვის სახის გადარჩენის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე რუსული ჯარების აშკარა დამარცხება უკრაინაში“, - აღნიშნა რასმუსენმა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.