ლონდონი მზადაა უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. ინფორმაციას თურქული მედია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს ვიზიტი გამოხატავს დიდი ბრიტანეთის შეუფერხებელ მხარდაჭერას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც განხორციელდება (შეიარაღებული ძალების) საჭიროებებისა და ოპერაციების სფეროში ცვლილებების შესაბამისად“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
 
ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა მხარი დაუჭირონ კიევის უკანონო რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლების მიზნებს. გარდა ამისა, განიხილეს ამ ეტაპზე გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული აღჭურვილობისა და წვრთნების თემა, ასევე დამატებითი მხარდაჭერის ვარიანტები, რომლებიც დაეხმარება უკრაინულ ძალებს თავიანთი ქვეყნის დაცვაში.
 
გარდა ამისა, ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება. 
 
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
 
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
 
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.