უკრაინამ დასავლეთს მძიმე იარაღის უფრო სწრაფად მიწოდების თხოვნით მიმართა

უკრაინამ დასავლეთს მძიმე იარაღის უფრო სწრაფად მიწოდების თხოვნით მიმართა, რათა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის ძალების თავდასხმას შეეწინააღმდეგოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა წარმატებით აჩერებს რუსეთის თავდასხმებს დონეცკის პროვინციაში, მოსკოვის სახმელეთო ძალების მზარდი ძალა კიევისთვის სულ უფრო მეტ სირთულს ქმნის.

უკრაინის პრობლემებს ისიც ამძაფრებს, რომ საბრძოლო მასალის რაოდენობა ძალიან ცოტაა. კიევის მთავრობის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, რუსეთი დღეში 50 000-მდე საარტილერიო ჭურვს ისვრის.

დასავლეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდა, მათ შორის არის მრავალჯერადი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რომელთა გამოსაყენებლად უკრაინულ ძალებს მომზადება რამდენიმე კვირის განმავლობაში დასჭირდებათ. დასავლეთი უკრაინისთვის მარაგების მიწოდებას განაგრძობს. 

რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.