ხარკოვში რუსეთის არმიამ ე.წ. კასეტური ბომბები გამოიყენა - Amnesty International

Amnesty International-ის მიერ დღეს, 13 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის მიერ ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენების და სარაკეტო იერიშების შედეგად უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

Amnesty International-ის ანგარიში მტკიცებულებების გამოკვლევას და დაღუპულთა ნათესავების, სხვა მოწმეების და ექიმების ჩვენებების ანალიზს ეფუძნება.

Amnesty International-ს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ მხოლოდ 15 აპრილს, ხარკოვის მშვიდობის ქუჩაზე, კასეტური ბომბის გამოყენების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი და დაიჭრა 35, მათ შორის ბავშვები. მათი სხეულიდან ამოღებული მეტალის ნამსხვრევები ადასტურებს, რომ გამოყენებული იყო 9N210/9N235 ტიპის კასეტური საბრძოლო მასალა. ასეთივე ნამსხვრევები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ხარკოვის ერთ-ერთ სათამაშო მოედანზეც.

რუსეთის არმიამ ხარკოვის დაბომბვა უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 24 თებერვალს დაიწყო. ინტენსიური, განუწყვეტელი შეტევა ორ თვეს მიმდინარეობდა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა 606 და დაიჭრა 1248 მშვიდობიანი მოქალაქე.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ შეუერთდა ე.წ. კასეტური ბომბების და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავ კონვენციებს, მსგავსი საბრძოლო მასალების გამოყენება და განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და ომის დანაშაულად ითვლება.

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენება მარტში დაადასტურა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მაც.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.