უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ გერმანია კანცლერ ოლაფ შოლცის კიევში ვიზიტის დროს, თავის პრიორიტეტებს თავის პრიორიტეტებს რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ ZDF-ის გადაცემა Heute Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ველოდები, რომ ის [ოლაფ შოლცი] პირადად დაგვიჭერს მხარს და პირადად დარწმუნდება, რომ უკრაინას შეუძლია, შეუერთდეს ევროკავშირს და რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინას უკვე ივნისში მიენიჭება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევი შოლცისგან გარანტიას ელის, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობასა და უკრაინას შორის ურთიერთობაში გარკვეული სკეპტიციზმი, ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერობამდე იყო. ეს სკეპტიციზმი, მისი აზრით, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის მომავალ წევრობას ეხება საქმე. ამავდროულად, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შესაძლოა, კიევს ამ კვირაში ეწვიოს. თუმცა, მას ჯერ არ დაუსახელებია მოგზაურობის თარიღი. ვიზიტის შესახებ გერმანიის მთვრობას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.