უკრაინის პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცის განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა „ცოტა დააგვიანეს“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით, თუმცა ამ ქვეყნებმა უკრაინას პოლიტიკურად დაუყოვნებლივ დაუჭირეს მხარი.
„მაგრამ მაშინ, ომის დასაწყისში, ჩვენ არ გვჭირდებოდა პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდებოდა დახმარება”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევი შოლცისგან გარანტიას ელის, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობასა და უკრაინას შორის ურთიერთობაში გარკვეული სკეპტიციზმი, ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერობამდე იყო. ეს სკეპტიციზმი, მისი აზრით, გამოიხატება უპირველეს ყოვლისა, როდესაც საქმე ეხება უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირსა და NATO-ში. ამავდროულად, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება.
როგორც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა, გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის. გერმანიის კანცლერი შესაძლოა, კიევს ამ კვირაში ეწვიოს. თუმცა, მას ჯერ არ დაუსახელებია მოგზაურობის თარიღი. ვიზიტის შესახებ გერმანიის მთვრობას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შოლცთან ერთად გამგზავრებას გეგმავენ იტალიის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი. ეს ინფორმაცია არც მაკრონის ოფისმა დაადასტურა. იტალიური მხარის პოზიცია მედიაში არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.