დასავლეთი უკრაინაში ომის სამ სცენარს განიხილავს - CNN

დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები და ანალიტიკოსები რუსეთ-უკრაინის ომში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს. ამის შესახებ CNN იუწყება.

პირველი შესაძლო სცენარია, ის, რომ რუსეთი თანდათან დაიპყრობს ახალ ტერიტორიებს ლუგანსკისა და დონეცკის მხარეებში.

მეორე სცენარი: ბრძოლებში რომელიმე მხარე თუ არ დაწინაურდება, ომი თვეობით ან წლობით გაგრძელდება დიდი დანაკარგებით და მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებით.

დასავლეთისთვის მესამე სავარაუდო სცენარი, ყველაზე სარწმუნოა - კერძოდ, რუსეთი დააკორექტირებს თავის მიზნებს და განაცხადებს, რომ მიაღწია იმას, რაც დაგეგმილი ჰქონდა და შეეცდება მოამზადოს ნიადაგი საომარი მოქმედებების დასასრულისთვის.

აშშ-ში შიშობენ, რომ თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასაყრდენს იპოვის, პუტინი ამ ტერიტორიებს გამოიყენებს, როგორც პლაცდარმს უკრაინის სიღრმეში შემდგომი შეტევისთვის. დასავლეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალების რაოდენობრივი უპირატესობის გამო, უფრო ხელსაყრელ პირობებშია. თუმცა, მძიმე ბრძოლების შემდეგ ორივე მხარეს დიდი დანაკარგებით, შესაძლოა სამხედროების დეფიციტი შეექმნას. რუსეთმა შესაძლოა დაკარგოს სახმელეთო ძალების მესამედი (არ არის დაკონკრეტებული სევეროდონეცკის მიმართულებაზეა საუბარი თუ უფრო ფართოზე). ამიტომ რუსეთისთვის იოლი არ იქნება მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სრული მობილიზაციის გარეშე, რასაც პუტინი საშიშ ნაბიჯად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, მალე დადგება მომენტი, როდესაც ერთი ან მეორე მხარე წარმატებული იქნება. ან რუსეთის ფედერაცია მიაღწევს სლავიანსკსა და კრამატორსკამდე, ან უკრაინელები შეაჩერებენ მათ. თუ უკრაინელები შეძლებენ ტერიტორიის დაცვას ასეთი ბალანსით და ძალაუფლების შენარჩუნებას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს NATO-ს მაღალჩინოსანი.

15 ივნისს ბრიუსელში უკრაინის შეიარაღებაში კოორდინირებული დახმარების საკითხზე „რამშტეინის“ ფორმატის მესამე შეხვედრა იმართება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.