პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა მოიყვანა იმის მაგალითად, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს. თბილისის შემთხვევა პოლონელმა დიპლომატმა უკრაინის კონტექსტში ახსენა.
„უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან დიალოგის ფორმულა და ნებისმიერი ზეწოლა ამ მიმართულებით მიზანშეწონილი არ არის“, მიიჩნევს მარკინ პრჟიდაჩი.
„2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ (ასევე, უკრაინაში 2014 წლის მოვლენები) მოსკოვთან დიალოგს არ მოჰყოლია სტაბილიზაცია და მშვიდობა“, - აღნიშნავს პოლონელი დიპლომატი და ამატებს, რომ პირიქით, ასეთმა პოლიტიკამ პუტინს დრო მისცა მორიგი სამხედრო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად, რასაც ის დასავლური პოლიტიკის სისუსტედ აღიქვამდა.
„პოლონური მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უკრაინაზე ზეწოლას ნაჩქარევი დიალოგისთვის [რუსეთთან]“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.
მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა დაარღვია გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გარანტირებული მინსკის შეთანხმებები. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, საიდან მოდის რწმენა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება და დიალოგი შეიძლება, კვლავ აღიქმებოდეს პუტინის მიერ ვალდებულებად“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
16 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას „რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს“.
„რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია, ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე - თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა, ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.