ზელენსკი: რუსული არმია ხარკოვსა და სლავიანსკზე შეტევისთვის ძალებს იკრებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული არმია ხარკოვსა და სლავიანსკზე შეტევისთვის ძალებს იკრებს. ამის შესახებ მან საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ახლა რუსული არმია ცდილობს ძალების მოკრებას, რათა კვლავ შეუტიოს ხარკოვს. ჩვენ მოვახდინეთ ამ რეგიონის დეოკუპაცია. მათ ისევ უნდათ ეს და ჩვენ ამას ვხედავთ. ქალაქში მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. ნიკოლაევი გამუდმებით იბომბება - და იქ თითქმის ნახევარი მილიონი მოსახლეა. მათ უნდათ სლავიანსკის აღება და მთლიანად განადგურება - ომამდე იქ ასი ათასი მოსახლე იყო", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ოკუპანტების შესაჩერებლად და ხალხის დასაცავად. ”მაგრამ იმისათვის, რომ ეს უფრო სწრაფად გავაკეთოთ, გვჭირდება მხარდაჭერა, თანამედროვე იარაღი. ასეთი იარაღი, რომელსაც აქვს მეტი პოტენციალი, ვიდრე რუსული არმიას. ამიტომ ვხარჯავ ამდენ ემოციას, ამდენ დროს და ამდენ ძალისხმევას, რომ დავარწმუნო ყველა ჩვენი პარტნიორი, რომ მოგვცეს მძლავრი შეიარაღება. ეს სიცოცხლის საკითხია“, - თქვა მან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.