"სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ მისი დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. დღევანდელ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება უპერსპექტივო და შეუძლებელია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა.
„ომის შეჩერება დღეს ნიშნავს სრულ უარს ჩვენი ხალხის უკრაინაში დაბრუნებაზე. არავინ დაბრუნდება, მაგალითად, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, კრივოი როგში, გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რადგან უკრაინის მოქალაქეს ესმის, რომ ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს იმავე ინტენსივობით. ამ შემთხვევაში რუსეთს ვერავინ შეაკავებს. სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთი გარდაუვალ მარცხს განიცდის“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.