ბორის ჯონსონი: თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა კუნძულ ზმეინზე

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ რუსეთის უკან დახევა გველების (ზმეინი) კუნძულიდან გვიჩვენებს უკრაინის უნარს, გაუძლოს წინააღმდეგობას.

„თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა კუნძულ ზმეინზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია მიწის დათმობა. საბოლოო ჯამში, პუტინისთვის შეუძლებელი იქნება, დაიკავოს ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს მის მმართველობას”, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჯონსონმა ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას „რაც არ უნდა რთული იყოს ეს“.

უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.