პენტაგონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალ შესაძლებლობებს განიხილავს

პენტაგონი ამერიკელი იარაღის მწარმოებლების 1000-ზე მეტი წინადადებიდან ირჩევს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ყველაზე ეფექტიან საშუალებებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. უ

დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი წინადადებები ეხება ძირითად სფეროებს მათ შორის საჰაერო თავდაცვის, ჯავშანტექნიკის, პერსონალის საწინააღმდეგო, სანაპირო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო, უპილოტო საჰაერო სისტემებს, კონტრ ბატარეას და უსაფრთხო კომუნიკაციებს, რომლებიც უკრაინამ მთავარ სამხედრო საჭიროებებად დაასახელა.

„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ახლა განიხილავს 1300 წინადადებას 800 კომპანიისგან, ახალი ინოვაციური იარაღისა და კომერციული შესაძლებლობების შესახებ, რომელთა განვითარება და წარმოება შესაძლებელია უკრაინისთვის, რათა კიევმა ის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს“, - წერს CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

30 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს კიდევ 800 მილიონიაან ახალ დახმარებას, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შეტევით იარაღს. უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) 23 ივნისს მიიღო. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.